მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდა

639c704e788bc
მარიამ ვარადაშვილი
16.12.22 17:30
657
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდნენ. მოსალოდნელია, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტი დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

გუშინვე წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტსაც, რომელსაც უკრაინა მომავალი წლიდან მიიღებს. ბრიუსელთან მიღწეული კონსესუსის შემდეგ უნგრეთმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პროექტით, სანქციების ჯერჯერობით ბოლო პაკეტი მოიცავს რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე სამხედრო პირებსა და სამხედრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ამას გარდა, გაიზრდება ევროკავშირის მიერ სანქცირებული დუმის დეპუტატების, მინისტრებისა და სხვა პოლიტიკური პირების რაოდენობა.

მეცხრე პაკეტში ასევე მოხვდა საბანკო სექტორიც. ევროკავშირმა კიდევ სამი რუსული ბანკი დაასანქცირა, მათ შორისაა რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი, რომლის ტრანზაქციებიც გააჩერა. ევროკომისიის მიერ მომზადებულ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა ქიმიური, ელექტრონული და IT ინდუსტრიაც.

ახალი პაკეტით რუსეთში დრონების სათადარიგო ნაწილების, მათ შორის ძრავების ექსპორტი აიკრძალება. ამას გარდა, დრონების სათადარიგო ნაწილების ექსპორტი მესამე ქვეყნებშიც იკრძალება, მაგალითად ირანში, საიდანაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი დრონებს იღებს. გასულ კვირებში სწორედ ირანში წარმოებული დრონებით არაერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

მეცხრე პაკეტით იზრდება კრემლის კონტროლირებადი მედიების ჩამონათვალიც, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა აეკრძალებათ. ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა კიდევ ოთხ რუსულ არხს აეკრძალება.

სანციების ახალი რაუნდი ფონ დერ ლაიენმა ნოემბრის ბოლოს დააანონსა. კომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

უკრაინაში ინტერვენციის საპასუხოდ წელს ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები