2025 წლიდან რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით შეჩერდა. Reuters-ის გათვლებით, ტრანზიტის შეჩერების სანაცვლოდ უკრაინა წლიურად დაახლოებით 800 მლნ დოლარს დაკარგავს, რასაც ის რუსული გაზის ევროპაში გატარებით იღებდა, თუმცა ბევრად დიდი - 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება Gazprom-ს. გაზის ტრანზიტის შეჩერება უკრაინის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც რუსეთთან 2025 წლიდან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას მოსკოვის "დიდი მარცხი" უწოდა, რადგან რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ ევროპისთვის გათხევადებული გაზის [LNG] მიწოდებას გაზრდის. თავის მხრივ ევროპაში რუსული გაზის გაყიდვები შემცირდა, 2023 წელს რუსული ენერგოგიგანტი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად იყო ზარალზე და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იზარალა. Gazprom-ის ზარალის მთავარი მიზეზი ევროკავშირში შემცირებული გაყიდვებია, რასაც ჩინეთი ვერ აკომპენსირებს, ბევრი მიზეზის, უმთავრესად კი ევროპასთან შედარებით მცირე გამტარობის გაზსადენის გამო.
უკრაინაზე გამავალი მილსადენით გაზს ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებდნენ, რაც დაახლოებით ევროკავშირის ჯამური იმპორტის 5% იყო. ამ მარშრუტის ჩაკეტვის შემდეგ ევროპა, ამ ეტაპზე რუსულ გაზს "თურქსტრიმიდან" იღებს, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 31 მილიარდი მ3-ია.
უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყნის სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ გაზის იმპორტის შეჩერება რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს და რეგიონში გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასს გაზრდის. ფიცოს შეფასებითვე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება, ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვას მიაყენებს.
სანამ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა Gazprom ევროპის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო და რუსეთის წილი გაზსადენით მიწოდებულ ბუნებრივ აირში 40%-ს აღწევდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა. გააძვირებს თუ არა უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტა ევროპაში გაზს ეს უახლოეს კვირებში გამოჩნდება. დღეს, 3 იანვარს, ევროპაში მეგავატ/საათის ბუნებრივი აირის ფასი 50 ევროს აღწევს.