მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოში მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს

5ef0f71cd8bea
BM.GE
22.06.20 22:17
1009
ევროკავშირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს. საინფორმაციო კამპანია „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ გაიმართება 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით. COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა ჩატარდება სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინ მედია პლატფორმების მეშვეობით. „მდგრადი ენერგიის კვირეულისთვის“ მომზადებული საინფორმაციო აქტივობები მოიცავს სხვადსხვა ფაქტებსა და ციფრებს, ვიდეორგოლებს განხორციელებული პროექტების შესახებ, სასარგებლო რჩევებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს.

„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ სექტორის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს განხორციელებული სამუშაოები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს.

“აშკარაა, რომ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება განვაგრძოთ ცხოვრება გარემოს ხარჯზე - ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს მდგრადი ენერგიის კვირეულს, რათა აამაღლოს ცნობიერება და ხაზი გაუსვას იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც ენერგია ასრულებს. აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს. ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები.

საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ!“- განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ.

2006 წელს ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს საქართველო მალევე შეუერთდა და მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას სხვადასხვა აქტივობებით. კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები. წელს მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იმყოფება ზემოხსენებული რეფორმების აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს ენერგეტიკის სექტორში უკვე მიღებული ახალი კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა თუ ღონისძიებების დანერგვის პროცესს.

მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა.

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს. ენერგიის განახლებადი წყაროების მაქსიმალური ათვისება და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან ერთად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საქმიანობა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ენერგეტიკული დარგის არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დამატებითი ინფორმაცია

2006 წელს ევროკომისიის ინიციატივით წამოწყებული ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული, ყოველწლიურად კრებს ასობით ორგანიზაციას და ადამიანს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა, რათა ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბურის აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების მისაღწევად.

საქართველო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის (INDC) დოკუმენტის მიხედვით ქვეყანას დაგეგმილი აქვს 2030 წლისათვის, 15%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა ჩვეულებრივი ბიზნესის განვითარების სცენართან შედარებით.

საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარებას, მდგრადი ენერგიის წარმოებასა და გამოყენებას, ასევე ენერგოეფექტურობის მიდგომების დანერგვას.

ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად, საქართველოს უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია როგორც სათბურის აირების გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების შემცირების , ასევე ქვეყანაში იაფი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის წარმოების თვალსაზრისით. ამ ყველაფრის სარგებელი კი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაა.

რა მნიშვნელობა აქვს მდგრად ენერგიას საქართველოსთვის?

1970 წლიდან დღემდე, ენერგიის, გათბობისა და ტრანსპორტისთვის წიაღისეული საწვავის მოხმარებამ სათბურის აირების გაფრქვევა 80%-ით გაზარდა. მეტიც, 2040 წლამდე, ენერგიაზე გლობალური მოთხოვნა, სავარაუდოდ, 30% -ით გაიზრდება. (წყარო: Global Environment Facility)

საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ყველაზე დიდი წილი (62%) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც მოჰყვება სოფლის მეურნეობა (19%), წარმოება და ინდუსტრია (12%) და ნარჩენების სექტორი (7%). (წყარო: UNDP)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აწარმოებს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობას ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით, ყოველწლიურად მაინც უწევს ენერგიის 70%-ის იმპორტი, რისი თითქმის სრული წილი წიაღისეული საწვავია.

მდგრადი ენერგიის განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგიის ღირებულების შემცირების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შერბილების, ასევე ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ბიოლოგიური სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.

განახლებადი ენერგიის წყაროები (ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, ოკეანეს ენერგია, გეოთერმული ენერგია, ბიომასა და ბიოსაწვავი) წარმოადგენს წიაღისეული საწვავის ალტერნატივას, რომელიც ამცირებს სათბურის აირების გაფრქვევას, ხელს უწყობს ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას და ქვეყნის დამოკიდებულებას წიაღისეული საწვავის (განსაკუთრებით გაზისა და ნავთობის) არასტაბილურ ბაზარზე.

ენერგოეფექტურობა წარმოადგენს მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის ერთ-ერთ საუკეთესო გზას, რადგან ნაკლები ენერგიის გამოყენება და ენერგიის დანაკარგებს აღმოფხვრა საგრძნობლად უწყობს ხელს სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების გზოთ კლიმატის ცვლილებების შერბილებას.

გარდა ამისა, ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას, როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული ოჯახის დონეზე და, ამასთანავე, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია ენერგიის იმპორტის საჭიროების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოში სექტორთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევაა:
–2019 წელს მიღებული იქნა კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ
–2019 წელს მიღებული კანონი ენერგოეტიკეტირების შესახებ
–2020 წელს მიღებული იქნა კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
–2020 წელს საქართველო წარმატებით ასრულებს KfW-ს, AFD-სა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის - ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მესამე ფაზას. 

მდგრადი ენერგიის სფეროში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა
საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდება მდგრადი ენერგიის განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა პროგრამა:

–EU4Energy/ევროკავშირი ენერგეტიკისთვის (21 მილიონი ევრო) აფინანსებს ენერგეტიკული ბაზრების რეფორმებზე, ქვეყნის ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებაზე მიმართულ პროექტებსა და პროგრამებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების სანდო, გამჭვირვალე და ფინანსურად მომგებიანი გზების მოძიებას და, ამასთანავე, შეამცირებს ენერგოდეფიციტს და კერძო სექტორისა და მოსახლეობის ენერგიასთან დაკავშირებულ კომუნალურ გადასახადებს.

–ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ ითვალისწინებს გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების სადემონსტრაციო პროექტებისთვის; ამჟამად ხორციელდება ენერგოეფექტური საშუალებებით რეკონსტრუირებული საბავშვო ბაღების ბიომასით გათბობის პროექტი;

–პროგრამის განხორციელებით;

–ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ენგურის და ვარდნილის ჰესების კლიმატმედეგობის გაუმჯობესების პროექტი;

–ფონდი E5P (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის ფონდი), რომელიც მხარს უჭერს მუნიციპალურ პროექტებს, მათ შორის ენერგოეფექტური ავტობუსების შემოყვანის, ასევე საჯარო შენობებისა და სკოლების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტებს.

–განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდამჭერი რეგიონალური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა მწვანე ზრდისა და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ფონდები.

–ევროკავშირისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა, რომელიც
ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და ქვეყანაში 500 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას. 

ყველა აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, საქართველოს მედეგობას, დამოუკიდებლობასა და ხარჯების შემცირებას როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე საწარმოებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები