მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას 2 კვირაში ერთხელ გადახედავს - გიორგი გახარია

5efee387026e5
სალომე მეცხვარიშვილი
03.07.20 11:49
1169
ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას 2 კვირაში ერთხელ გადახედავს, ამიტომ საქართველოში ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ უნდა მოხდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს COVID-უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას. ასე პასუხობს ის კითხვას, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

“ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ მე ჩემს წევრ ქვეყნებს ვაძლევ რეკომენდაციას, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან გახსნან საზღვრები. მთავარი არის ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტრლის თვალსაზრისით იყოს აღიარებული. ევროკავშირმა თავის ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის შემცველი არ იქნება. მშვენიერია, ესაა პირველი მიღწევა.

ამის შემდეგ ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ მათი შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილებები, ზოგმა (საზღვრები)გაგვიხსნა უპირობოდ, ზოგმა გარკვეული პირობით და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, არ დაკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის გავრცელების მცირე რისკს მაინც.

ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენს ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე.

ევროკავშირმა ამ 15 ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ 2 კვირაში ამ სიის გადახედვა მოხდება და როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება? - ქვეყანაში ეპიდ მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ მოხდეს”,- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისთვის საზღვრები 1 ივლისს უნდა გაეხსნა, თუმცა, თვის ბოლომდე გადაწია. მთავრობის წარმომადგენლების მთავარი არგუმენტია, რომ საზღვრების გახსნა შესაძლოა ისევ დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები