მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ევროპულ გამოცდილებას ეცნობიან

Greta
BM. GE
05.08.23 21:56
80

ევროკავშირის ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტებისთვის ევროპაში გაცნობითი სასწავლო ტური იმართება, რომლის ფარგლებში ქართველი მონაწილეები გაეცნობიან ტურისტულად წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას და მის საქართველოს რეალობაში გადმოტანას შეეცდებიან.

სასწავლო გაცნობითი ტური ევროპული სიზუსტით არის გაწერილი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ავსტრიიდან იწყება. ქალაქ ვენაში ჩაფრენისთანავე პირველი გასვლითი ვიზიტი ვენიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარე კალენბერგით დაიწყო.


კალენბერგში სასწავლო გაცნობითი ტური იქ დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებს, ღვინის კულტურას და ადგილზევე მოწყობილი განსხვავებული კონცეფციის კაფეების გაცნობას დაეთმო. როგორც ადგილობრივი გიდი გვიყვება, ავსტრიული ღვინის კულტურის განვითარება ახალმა თაობამ განაგრძნო. განსხვავებული კონცეფციის კაფეებში კი ადგილობრივად წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას აქვს.

“სასწავლო ტურის ფარგლებში მონაწილეებთან ერთად ვნახეთ ვენახებში მოწყობილი რესტორნები, რომლებიც ძალიან მარტივად არის მოწყობილი, ბევრი ძალისხმევის გარეშე. ამ კონცეფციის კვების ობიექტებს აქ ხშირად შეხვდებით. ღვინის ტურს კი ვასრულებთ ამ რეგიონის ტრადიციულ რესტორანში, რომელსაც ისტორიული დატვირთვა აქვს. პროექტ GRETA-ს სასწავლო ტურის ფარგლებში მონაწილეებთან ვისაუბრეთ ღვინოზე, ვნახეთ ვენახები. ჩემი აზრით, ეს არის ადგილები, რომელიც ქალაქ ვენას სხვა კუთხიდან განახებს. მონაწილეებისგან მივიღე საინტერესო კითხვები და მგონია, მათთვის ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება შევძელით, რაც ვიმედოვნებ, რომ თავიანთ საქმიანობაში გამოადგებათ”, - ამბობს სერტიფიცირებული გიდი მარტა ტრეტერი.


ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროექტმა GRETA-მ საქართველოდან ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში ჩართული 20-მდე  მონაწილისთვის საქმიანი, სასწავლო გაცნობითი ტური ერთი მთავარი მიზნით დაგეგმა, - საქართველომ ტურისტულად განვითარებული ქვეყნებისგან ის გამოცდილება უნდა მიიღოს რაც ადგილობრივად მდგრადი ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება. 
 
„სასწავლო ტურის მიზანი არის მდგრადი სამთო ტურიზმის გამოცდილების გაცნობა ავსტრიის მაგალითზე. ვეწვევით ძალიან ბევრ რეგიონს, ძალიან ბევრ ქალაქს და სოფელს. ასევე ადგილზე ვნახავთ როგორ მუშაობს სამთო ტურიზმი ქვეყანაში, რომელიც არის მექა სამთო ტურიზმის მდგრადი მიდგომების. ჩვენი ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლები, ასევე ტურიზმის სპეციალისტები დასაქმებულები მუნიციპალიტეტებში. იმედია, რომ საინტერესო იდეებით დატვირთულები დაბრუნდებიან ეს ადამიანები საქართველოში და რაღაც საინტერესო პროექტებს განახორციელებენ ამ ინსპირაციით და შთაგონებით, რასაც აქ მიიღებენ“, - ამბობს პროექტ GRETA-ს მენეჯერი სამთო ტურიზმის მიმართულებით ირაკლი კუცია.
 
წინასწარ გაწერილი გეგმით მეორე დღე ავსტრიის დასავლეთ რეგიონში - ვაჰაოში ვიზიტს ეთმობა. ვაჰაოში სასწავლო გაცნობითი ტურის მასპინძელი ადგილობრივი მართვის ორგანიზაციაა. შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სასწავლო ტურს საქართველოს მთიანი რეგიონების DMO-ს წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ავსტრიელი კოლეგებისგან ტურის მონაწილეებმა მიიღეს ის არის რომ მსგავსს ორგანიზაციებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი, მკაფიო სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა გაჰყვნენ, მათი თქმით, პროცესებში არც ადგილობრივები უნდა დაავიწყდეთ.
 
“ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში სულ გვახსოვდეს ადგილობრივი მცხოვრებლები. ამის შემდეგ კი უნდა ეცადოთ განვითარდეთ სტაბილურად. აუცილებლად უნდა გქონდეთ ხედვა, რომელიც იქნება გრძელვადიანი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. უნდა იცოდეთ რა მიზნისკენ მიდიხართ და სად გინდათ, რომ იყოთ კონკრეტული დროის შემდეგ. ამის ჩამოყალიბების შემდეგ კი სტაბილურად უნდა გადადგათ ნაბიჯები მიზნის მისაღწევად. ეს უკეთესია ვიდრე დაისახოთ მოკლევადიან მიზნები, განახორციელოთ ინვესტიცია და შემდგომ ეს გეგმა შესაცვლელი გახდეს”, - ამბობს დანიშნულების ადგილის მართვის ექსპერტი ადი აიგნერი.

დატვირთული დღე მხოლოდ ვაჰაოში ვიზიტით არ დასრულებულა. პროექტ GRETA-ს სასწავლო ტურის მონაწილეებისთვის ავსტრიის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დაიგეგმა შეხვედრა, სადაც საუბარი მდგრადი ტურიზმის პრინციპებს დაეთმო.

 


შეხვედრაზე ბევრი კითხვა გაჟღერდა, მათ შორის ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები გვიყვებიან, ერთ-ერთი სტუმრის ბარათია, რომელიც ვიზიტორებისთვის ავსტრიის კონკრეტულ რეგიონებში მოქმედებს. შესაბამისი ბარათი ტურისტებს სხვადასხვა ფასდაკლებებს სთავაზობს.  
 
“ტურიზმის ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ ამ სექტორს როგორც ინდუსტრიას ისე ვუყურებთ და ვფიქრობთ როგორ შეიძლება ამ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი მდგრადობა შევძინოთ. რაც ჩვენ ამ პროცესში ვისწავლეთ და რაც შეიძლება გამოცდილების სახით სხვა ქვეყნებმაც და მათ შორის საქართველომაც გაითვალისწინოს არის ის რომ მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა, სხვადასხვა მხარეების და ბაზრის მოთამაშეების ჩართულობით - ეს არის ერთ-ერთი, რომელსაც ნამდვილად მოაქვს ეფექტიანი შედეგი ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით”, - ამბობს კეტრინ ერბენი, ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი.
 
პროექტ GRETA-ს სასწავლო გაცნობითი ტურის განმავლობაში მონაწილეები ავსტრიის სამთო კურორტ ბად გაშტაინსაც ესტუმრნენ.
 
„ამ კურორტის მაგალითი ძალიან საინტერესოა საქართველოს ზამთრის კურორტებისთვის, როგორ შეიძლება მათი დატვირთვა მოხდეს ზაფხულის პერიოდშიც მოხდეს. არის გადასახედები მოწყობილი პანორამული ხედებით, არის რესტორანი, საიდანაც ასევე ულამაზესი ხედები იშლება. ძალიან კომფორტული გონდოლა ამოდის აქ პირდაპირ ქალაქიდან, რომელსაც სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ხელმისაწვდომობის ნაწილიც, კურორტი სრულად ადაპტირებულია“, - ამბობს პროექტ „GRETA”-ს მენეჯერი სამთო ტურიზმის მიმართულებით ირაკლი კუცია.
 
ქალაქ ბადგაშტაინიდან საბაგიროს ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარე სათხილამურო კურორტზე აჰყავხარ. ამ ადგილს ზამთარში სპორტის მოყვარულები სტუმრობენ, თუმცა ის საქართველოში მდებარე სამთო კურორტებისგან განსხვავებით ზაფხულშიც არ უჩივის დამსვენებლების ნაკლებობას. 
 
„ძალიან ბევრი საინტერესო რამის გადმოტანა შეიძლება საქართველოში, იმიტომ რომ ავსტრიასთან და ზოგადად ალპებთან შედარებით ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით განვითარებას და მათი მაგალითი იქნება ის რომ სწორად განვავითაროთ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში. პარალელი შემიძლია გავავლო კურორტებთან როგორებიცაა თეთნულდი და გუდაური. ზუსტად იგივე ალპური ზონა არის რაც გვხვდება სვანეთში და გუდაურში. კარგი იქნება და გამიხარდება, რომ მეც ვიხილო საქართველოს კურორტებზე სამთო ველოსიპედის ბილიკები, სასეირნო ბილიკები და დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში არანაკლები დატვირთვით იმუშავებს მსგავსი აქტივობებით ეს კურორტები“, - ამბობს სამთო გიდი ნიკო ფალიანი.

ავსტრიაში ვიზიტს პროექტ GRETA-ს მონაწილეები ქალაქ ინსბრუკით ასრულებენ, სადაც სასწავლო ტურის მონაწილეებს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი შეხვდა. ელჩი გვიხსნის, რომ ავსტრიას და საქართველოს ტურისტული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვს, შესაბამისად, ავსტრიული მდგრადი სამთო ტურიზმის გამოცდილების საქართველოს რეალობაში ასახვა არსებული პოტენციალის უკეთ ათვისებაში დაგვეხმარება. 
 
“ეს სასწავლო ტური პროექტ GRETA-ს  ფარგლებში, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებით ტარდება. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სამომავლო მიმართულებაა. არის ძალიან ბევრი რამ რაც საქართველოს შეუძლია ავსტრიისგან შეიგრძნოს და ასევე ავსტრიას საქართველოსგან. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული ვიზიტია, იმისთვის, რომ მოხდეს ცოდნის გაზიარება იმასთან  დაკავშირებით თუ როგორ განვითარდა ტურიზმი ტიროლის რეგიონში, ასევე როგორ მუშაობს ტურიზმი რეგულარულად დასახელებულ ლოკაციებზე, როგორია ბალანსი ტურიზმის განვითარებასა და ბუნების დაცვას შორის და ა.შ. ამ მიმართულებით ვფიქრობ რომ ტიროლის რეგიონში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ გვქონდა შეცდომებიც და მოხარულები ვართ, რომ ამის გაზიარებაც შევძელით, რომ თქვენც იგივე შეცდომები არ დაუშვათ. თუმცა ამის პარალელურად გაჩვენებთ ჩვენს საუკეთესო პრაქტიკასაც”, - ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.
 
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სასწავლო გაცნობითი ტური, რომელიც საქართველოში მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება იტალიასა და სლოვენიაში გაგრძელდება, სადაც მთავარი აქცენტი ისევ მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება.

*** 
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

               

                                  ეს მასალა წარმოადგენს მედია საშუალება BMG-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.                       მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია BMG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს                                                                            ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები