მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერა ქართველ ბიომეღვინეებს

62e0df1a4cd21
ანუკა ჯოხაძე
28.07.22 10:22
1140
ღვინო რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექპორტო სტრატეგიული პროდუქტია ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მათ შორის ხშირად ვისმენთ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ტრადიციული ბაზრების ჩანაცვლება უნდა შეძლოს და ისეთ ბაზრებზე უნდა გადაერთოს, სადაც ქართული ღვინო უფრო მეტად ფასობს და ბევრად მაღალ ფასშიც იყიდება.

ასეთია მაგალითად ევროკავშირის ბაზარი, სადაც ექპორტისთვის მეღვინეებს კონკრეტული რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორისაა ბიოსერტიფიცირება, რაც მეღვინეებისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია, თუმცა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით არაერთმა მეღვინე ბიო სერთიფიკატის მიღებას შეძლო და თავისი ღვინო ექსპორტზე ევროკავშირშიც გაიტანა.

“გვაქვს უნიკალური ჯიში, გვაქვს ქვევრის ტექნოლოგია და პლუს ბიო სერტიფიკატი. ეს სამი მთლიანობაში ქმნის ამ ღვინისთვის პრემიურ კლასის მოედანზე ყოფნის უფლებას”, - ამბობს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.



“ხომლის მარანმა” დონორების დახმარებით ბიოსერტიფიკატის მიღება შეძლო და ამ ეტაპზე მისი ღვინო დიდ ბრიტანეთში 900 ფუნტ სტერლინგად იყიდება.

“ხომლის მარანთან” ერთად ბიო სერტიფიცირების პროცესი დაიწყეს რაჭველმა მეღვინეებმაც. ზურაბ მაისაშვილი, რომელმაც მე-19 საუკუნეში დიდი ბაბუის დაწყებული საქმე გააგრძელა აქცენტი ბიო ღვინოზე გააკეთა. სოფელ წესში დამზადებული ღვინო 2023 წელს ბიო სერტიფიცირებული იქნება, რომელიც ევროპის ბაზარზე თავის ადგილს დაიმკვიდრებს.

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა რაჭული ენდემური ვაზის ჯიშებისგან მშრალი ღვინოები. რატომ მშრალი? ეს იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთის ბაზრებზე კერძოდ ევროპაში და ამერიკაში მშრალი ღვინოები ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია", - ამბობს “ღვინუკას" დამფუძნებელი ზურაბ მაისაშვილი.



პროექტ GRETA-ს ფარგლებში როგორც აღმოჩნდა გარდა ფინანსური დახმარებისა, მეღვინეების გადამზადება და მათთვის ტრენინგებიც ჩატარდა, რამაც მეღვინეებს ბიო ღვინის წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მისცა წვდომა.

"მთლიანად მთელი პროცესი რა ხდება ბიო მევენახეობის შემთხვევაში. შემდეგ იყო უკვე მეღვინეობა, რომელმაც გააერთიანა ღვინის ბოთლში ჩამოსხმა, ღვინის დამუშავება, ოღონდ ბიოწესებით. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო, რადგან დღემდე გვაქვს კონტაქტი და დღემდე იღებენ ისინი ჩვენგან კონსულტაციებს", - ამბობს ელკანას ტრენერი გიორგი ბარისაშვილი.



ქართული ბიოღვინო ადგილობრივი მწარმოებლებისთვის საექსპორტო მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ნიშაა, რომელიც მეღვინეებისთვის გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს. იმ ბაზრებზე, სადაც ეს ღვინო იყიდება, ღვინოს ხარისხობრივად აფასებენ და მზად არიან მასში შესაბამისი თანხაც გადაიხადონ.

"საქართველოს სჭირდება ახალი ნიშების პოვნა, ერთ-ერთი ასეთი ნიშა კი ბიო ღვინოა. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებს, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, აქვთ ღვინის სახეობების მრავალფეროვნება, რაც გვინდა რომ განვავითაროთ. რაჭაში, იმერეთში ძალიან კარგი ღვინოები აქვთ. პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი სერტიფიცირება და ევროკავშირის სტანდარტებზე მორგება", - ამბობს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ოფისის უფროსი ალექსანდრე კარნერი.

No description available.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერა მიიღო კიდევ ერთმა რაჭველმა მეღვინემ. შორენა პატარიძის ისტორია სოფელ აბანოეთს უკავშირდება. აქ წარმოებულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე უკვე იცნობენ. პატარიძის რაჭული ექსპორტზე ისრაელში, ამერიკასა და საფრენგეთშიც გადის. თუმცა მწარმოებელი არ გაჩერებულა და მაინც მუდამ განვითარების ძიებაშია.

“ამ პროექტის ფარგლებში მივიღე აბსოლუტურად ყველა ტიპის დახმარება რაზეც კი ვოცნებობდი. ეს იყო ახალი ვენახის გაშენება, ბაბუას დროინდელი ვენახის გაცოცხლება, მარანში რაც კი აღჭურვილობა მჭირდებოდა და ვენახისთვის, რაც კი ტექნიკა დამჭირდა, ყველაფერი დამიფინანსეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენთვის, ეს არის ბიოსერტიფიცირება", - ამბობს “პატარიძის რაჭულის” დამფუძნებელი შორენა პატარიძე.

ის რომ ბიოპროდუქციის წარმოება საქართველოსთვის წლიდან წლამდე სულ უფრო მნიშნელოვანი ხდება, ამას ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან სულ ცოტა ხნის წინ დაანონსებული პროგრამა, რომელიც თაფლისა და ღვინის მწარმოებლებს ბიო სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯის უნაზღაურებს. ეს პროცესები დონორმა ორგანიზაციებმა ბევრად ადრე დაიწყეს, მისცეს სტიმული ადგილობრივ ბიო მწარმოებლებს, დაეხმარნენ თავიანთი ორგანული პროდუქციის საერთაშორისო გამოფენებზე წარმოდგენაში, რამაც მოიტანა ის, რომ ქართული ბიოღვინო ევროკავშირის ბაზარზე უკვე წარმოდგენილია.



ცნობისთვის, ბიო მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია CAUCASERT-ის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავალობაში გაზრდილია ბიო ღვინის სერტიფიცირების სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად 2019 წელს 7-მა მეღვინემ გაიარა ბიოსერტიფიცირება, 2020 წელს ეს რაოდენობა 11 იყო, ხოლო 2021 წელს - 22.

ბიო მიმართულებაზე აქცენტის გაკეთება ბოლო წლებია აქტიურად დაიწყეს მცირე მარნებმა, რომლებიც დიდ მწარმოებლებს კონკურენციას სწორედ მაღალი ხარისხით და ორგანულად სუფთა პროდუქციით უწევენ. წლიდან წლამდე მზარდია ბიოსერტიფიცირების მაჩვენებლებიც.

ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka













გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები