სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში გაიმართა პროექტის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ დახურვის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.
ოთხწლიანი პროექტი, რომელსაც ევროკავშირი და გერმანიის ფედერალური მთავრობა აფინანსებდნენ, ხოლო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებდა, საქართველოს ოთხ რეგიონზე – გურიაზე, კახეთზე, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე – იყო ორიენტირებული. ინიციატივამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონულ განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ღონისძიება ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა გახსნა. მის სიტყვებს დენის ზერვასი (გერმანიის საელჩო), ანია ვალდროფი (GIZ) და ჰოვარდ ჰარდინგი (CESL-ის პროექტის ხელმძღვანელი) შეუერთდნენ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 33 სხვადასხვა ინიციატივა, რომელთა საერთო ღირებულება 7.5 მილიონ ევროს აღწევს. სენდროვიჩის განცხადებით, ამ წლების განმავლობაში მხარდაჭერა 160-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია:
„ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ინიციატივამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირი მომავალშიც მზად არის ითანამშრომლოს ადგილობრივ აქტორებთან და უზრუნველყოს რეგიონული განვითარების მდგრადობა და ინკლუზიურობა“, – განაცხადა სენდროვიჩმა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში ამბობენ, რომ დასახელებული პროექტებიდან აღსანიშნავია:
- ბაღდათში თანამედროვე ღვინის ლაბორატორიის მოწყობა – 500,000 ლარი;
- დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია – 500,000 ლარი;
- კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 500,000 ლარი;
- ლენტეხის აგრობაზრის დაარსება – 500,000 ლარი;
- ბორანი მდინარე რიონზე, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებისთვის – 500,000 ლარი.
გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის, დენის ზერვასის თქმით, პროექტი ადგილობრივი თემების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმატებული ვერ იქნებოდა:
„ქართველი მოქალაქეების მონაწილეობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ერთობლივად შევქმენით სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა რეგიონებში. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რა შედეგს იძლევა პარტნიორული თანამშრომლობა“, – აღნიშნა ზერვასმა.
ჰოვარდ ჰარდინგის განცხადებით, CESL-ის პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ განხორციელებული ყველა ინიციატივა ემსახურებოდა თემების გაძლიერებას და კერძო სექტორის მხარდაჭერას.
საერთო ჯამში, მხარდაჭერილ იქნა 120 მცირე ინიციატივა, მათ შორის:
- სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების განახლება
- პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება
- ტრადიციული ხელნაკეთობების მხარდაჭერა
- ადგილობრივი ბრენდების განვითარება
გამოფენაში მონაწილე ბენეფიციარები ოთხივე რეგიონიდან იყვნენ, რაც ორგანიზატორთა შეფასებით ხაზს უსვამს პარტნიორობის სიძლიერესა და პროექტის მასშტაბურ ეფექტს რეგიონების განვითარების ხელშეწყობაში.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.




























