ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი „საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში” ამოქმედდა. პროექტის ბიუჯეტს, რომელიც 1,300,000 ევროს შეადგენს, ევროკავშირი დააფინანსებს.
პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი მიზანია საგზაო უსაფრთხოების მართვის კომპონენტის გაძლიერება საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად, მათ შორის, ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტექნიკური დახმარების გაწევა საგზაო შემთხვევების ელექტრონული მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების, საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავების, ტრავმის ეროვნული რეესტრის შექმნის, მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ეროვნული უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებლები პოლონეთისა და ლიეტუვის ორგანიზაციები არიან. პროექტის მთავარი ბენეფიციარები კი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.




























