მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინასთან განახლებული სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცეს

უკრაინა ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ახალ ვერსიაზე, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევისთვის ევროკავშირის მიერ ამოქმედებული განსაკუთრებული სავაჭრო შეღავათები, რომლის ვადაც 2025 წლის 5 ივნისს ამოიწურა.

ამის შესახებ ინფორმაციას Европейской правда ინფორმირებულ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება დღეს დამტკიცდა ევროკავშირის ელჩების დონეზე, ხოლო 13 ოქტომბერს, ორშაბათს მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები დონეზე იგეგმება. შემდეგ კი ის უკრაინულმა მხარემაც უნდა დაადასტუროს.

„ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დღეს დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება და შემიძლია დავადასტურო, რომ აქტს ორშაბათს მიიღებს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭო“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

ახალი შეთანხმების საფუძველზე უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო წესები ამოქმედდება.

ცნობისთვის, 30 ივნისს გამოცხადდა, რომ ევროკომისიამ დაასრულა მოლაპარაკებები უკრაინასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) გადახედვის ძირითად პრინციპებზე, რომელიც უკრაინელი ექსპორტიორებისთვის 2025 წლის 5 ივნისამდე პრივილეგირებულ რეჟიმს ითვალისწინებდა. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებაში ცვლილებები მნიშვნელოვნად დააბალანსებს ომის გამო დაწესებულ შეღავათებს.

კერძოდ, თუ ადრე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არავითარი ტარიფი არ ედო და მათი კვოტა ერთიან სავაჭრო ბაზარზე გაზრდილი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირდება. გადაწყვეტილება დაკავშირებული უნდა იყოს ევროკავშირში მომუშავე ფერმერების უკმაყოფილებასთან.

განახლებული შეთანხმება ასევე მოიცავს უკრაინის მიერ სოფლის მეურნეობის სტანდარტების გაუმჯობესებას. კერძოდ, ქვეყანამ 2028 წლამდე უნდა გააუმჯობესოს შინაური ცხოველების მოვლასთან და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამას გარდა, გაკონტროლდება უკრაინისთვის მინიჭებული კვოტა ხორბალზე, შაქარზე, შინაურ ფრინველებსა და კვერცხებზე, ანუ იმ პროდუქტებზე, რომელთა მიმართაც უკმაყოფილება ევროკავშირის არაერთმა წევრმა გამოთქვა. შეზღუდვები ნაკლებად შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა რძის ფხვნილი და ყურძნის წვენი.

მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმება დასტურია იმისა, რომ საომარი ვითარებით გამოწვეული მხარდაჭერის პროგრამა ნელ-ნელა გრძელვადიან, სტაბილურ სავაჭრო პარტნიორობაში გადადის. როგორც ბრიუსელში აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება დაბალანსებული, სამართლიანი და რეალისტურია და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ევროპულ ბაზარზე უკრაინული პროდუქტის შეტანის შეუფერხებლად გაგრძელებას, მეორე მხრივ კი, ევროკავშირში მომუშავე ფერმერების საჭიროებების გათვალისწინებას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ განაცხადა: „განახლებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპასა და გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ნაკადებს უზრუნველვყოფთ. ასევე, რუსეთის მიერ წარმოებული უსამართლო აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობისა და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს ვაშენებთ. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას. უკრაინის ადგილი ჩვენს ოჯახშია. ჩვენ ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობის გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც უკრაინის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას განაპირობებს“.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება, საქართველოს მსგავსად 2014 წელს გაფორმდა. თუმცა 2022 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას განსაკუტყრებული შეღავათები მისცა, რომელიც 2022 წლის 4 ივნისს ამოქმედდა და რამდენიმეჯერ გადავადების შემდეგ 2025 წლის 4 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები