მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის მუდმივად ღია ხომ არ იქნება? - ელჩის პასუხი

ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მარტა კოსმა ახსენა 4 ქვეყანა კონკრეტული თარიღების მითითებით EU-ის გაფართოების კონტექსტში, თუმცა არ უხსენებია საქართველო. მან ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიშის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა თქვა, რომ EU-ს კარი საქართველოსთვის ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს. კითხვაზე, რამდენად ხანგრძლივად დარჩება კარი ღია, მან ხაზი გაუსვა ევროკომისრის კომენტარს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოახერხებს, შემდეგი გაფართოების ნაწილი იყოს.

"ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნება მიგითითოთ იმაზე, რა თქვა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა - მონტენეგრო, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან, იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები 2026 წლის ბოლოს დასრულდება, ალბანეთი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები 2027 წლისთვის დასრულდება, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში კი 2028 წელს. მან ახსენა 4 ქვეყანა კონკრეტული თარიღების მითითებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების კონტექსტში, მას სამწუხაროდ, არ უხსენებია საქართველო. თქვენს კითხვაზე, არის თუ არა უკვე ძალიან გვიან, ჩემი პასუხია - არა, არასდროს არაა ძალიან გვიან. მას შემდეგ, რაც ვიცხოვრე და გავიცანი ქართველები ახლოს, დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება სურვილი, იქნება საშუალება ამის მიღწევის. ახლა გვაკლია სურვილი, მზადყოფნა. იმედი მაქვს, კვლავაც არსებობს შანსი საქართველოსთვის, გახდეს შემდეგი გაფართოების ნაწილი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ასე არ მოხდება, იმ ტრაექტორიიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, შემდეგი გაფართოება არ იქნება უკანასკნელი გაფართოება. ასე რომ, კვლავაც იქნება იმედი მომავალშიც, მაგრამ ყველამ ვიცით, რა რთულად იბრძოლა საქართველოში თაობებმა ამ მომენტისთვის მისაღწევად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. ამ შესაძლებლობის დაკარგვა ისტორიული დონის შეცდომა იქნება, ესაა ჩემი პირადი აზრი",- ამბობს ელჩი.

ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.

საქართველოს EU-ის კანდიდატის ქვეყნის მხოლოდ სახელწოდება შერჩა - ევროკომისიის ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები