დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის მთავარი თემა უკრაინა და ევროპის თავდაცვისუნარიანობა იქნება. როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ევროკავშირს სჭირდება გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა, ევროპის ღია სტრატეგიული ავტონომია და მდგრადობა, რათა შეინარჩუნოს გლობალური ლიდერის როლი.
ამასთან, ევროსაბჭოს განცხადებით, "ძლიერი მხარეების გამოყენებით მშვიდობის მისაღწევად, უკრაინა უნდა იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაში ომის დასრულების მოლაპარაკებებამდე, მოლაპარაკების პროცესში და მოლაპარაკების შემდეგ".
"ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ს დაზვერვის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე. ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრულფასოვანი როლი შეასრულოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად", - აცხადებენ ევროკავშირში.
აღსანიშნია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, სამი წლის განმავლობაში ევროკავშირს უკრაინის დასახმარებლად 138,2 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი, მათ შორის 49.3 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერისთვის. ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპა გეგმავს 2025 წელს ომში მყოფ უკრაინას კიდევ 30.6 მილიარდი ევროთი დაეხმაროს.
პარალელურად, ევროკავშირი მუშაობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რათა უპასუხოს სამომავლო გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე ლიდერებმა მოითხოვეს საჭირო დაფინანსების უფრო სწრაფი მობილიზება. მათ ასევე განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები მოქმედებისთვის. ამ საკითხზე კიდევ უფრო დეტალურად აპირებენ იმსჯელონ 20-21 მარტის სამიტზეც.
გარდა ამისა, ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები მოსაზრებებს გაცვლიან მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF), ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტსა და ახალ რესურსებზე, შემოსავლებზე, რომელმაც ევროკავშირის ხარჯები უნდა დააფინანსოს.
ევროკავშირის სამიტზე მსჯელობა შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, სირიის და ღაზის სექტორის საკითხებსაც. სამიტზე, სამუშაო სადილზე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიცაა მიწვეული.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს მისი ხელმოწერით დაეგზავნათ წერილები, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს საკითხი უნდა იყოს ევროპის დღის წესრიგში. ზურაბიშვილის განცხადებით, მართალია, ახლა პრიორიტეტულ თემას უკრაინა და ევროპის თავდაცვის საკითხი წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია შავი ზღვას შეეხება.