"ვხედავთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების მოტივით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას აქცენტი მედიის თავისუფლებაზე ჰქონდეს და ამ თვალსაზრისით ცდილობდეს მედიის თავისუფლების განმტკიცებას ქვეყანაში, ის სწორედ მედიის შეზღუდვით ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ თურმე ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს,“ – ამის შესახებ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიამ კაპანაძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 12 პრიორიტეტს თუ ჩავხედავთ, პრიორიტეტი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს, მედიის თავისუფლებას ეხება და არა – მედიის შეზღუდვას.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. შესაძლებელი გახდება უხამსობის, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება კომისიაში.
კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას, ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში,
მოახდინოს რეაგირება და დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილება საბოლოოდ სასამართლოში გასაჩივრების საშუალებასაც იძლევა.
პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა. უმრავლესობა ამბობს, რომ კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი.
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მედიის თავისუფლებაზე როგორც ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებაზე მედიის თავისუფლების შეზღუდვით? – ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებაა“ – ამბობს მარიამ კაპანაძე და განმარტავს, რომ ზოგადად ევროკავშირისთვის სიძულვილის ენის საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მნიშვნელობას ანიჭებს თანასწორობის პრინციპს და უმცირესობათა უფლებების დაცვას.
„ეს უნდა იყოს მთავარი შედეგი – ამბობს მარიამ კაპანაძე „ანალიტიკა“–სთან – თუმცა, გვაქვს კი ჩვენ მოლოდინი ხელისუფლებისგან? მე – პირადად, ნამდვილად არ მაქვს და ამის რწმენას მიღრმავებს ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ეხება იმას, თუ საერთოდ რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს ქვეყანაში სახელმწიფო თანასწორობის მიმართულებით.
მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ ანაღვლებს უმცირესობათა საჭიროებები; მას არ ანაღვლებს ის, რომ 5 ივლისის ორგანიზატორები დაისაჯონ; ის, რომ არ იყოს ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონები თუ პრაქტიკა და ამ კუთხით არანაირ ნაბიჯს არ დგამს – რატომ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი – და ასეთი მოლოდინი ალბათ გულუბრყვილობა იქნებოდა – რომ სიძულვილის ენის აკრძალვა იმუშავებს სწორედ უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის, როგორც ეს მაგალითად შეიძლება მუშაობდეს სხვა ქვეყნებში?“
მარიამ კაპანაძის თქმით, ეს არ არის პირველი წელი და პირველი შემთხვევა, როდესაც ჩანს მიდრეკილება კომუნიკაციების კომისიის თუ ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ ეს მანდატი და სიძულვილის ენის გამოყენებისთვის დასაჯონ მედია.
„ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ სიძულვილის ენა აღმოიფხვრას არა რეგულირების, არამედ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების გზით. კონკრეტულად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მედია–კოალიციამ სხვადასხვა მედიასთან ერთად მოამზადა ალტერნატიული წინადადება, რომელიც შესთავაზა პარლამენტს და რომელიც პარლამენტმა საერთოდ არ განიხილა“ – ამბობს მარიამ კაპანაძე „ანალიტიკა“–სთან.
როგორც მარიამ კაპანაძე განმარტავს, მედია–კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატივა კომპრომისული ვარიანტი იყო. „ ერთი მხრივ, ჩვენ გვქონდა ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნა და მოსაზრება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ დირექტივასთან შესაბამისი იქნება არა აუცილებლად რეგულირება, არამედ, შესაძლებელია ეს იყოს თანა–რეგულირებაც.
ამის გათვალისწინებით ჩვენ კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ ხელისუფლებას, რათა ყველაზე მკაცრი ფორმით არ მომხდარიყო სიძულვილის ენის საკითხის გადაწყვეტა. თუმცა ხელისუფლებამ სრულად დააიგნორა ალტერნატიული წინადადება და ფაქტობრივად, ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციაც, რომლებიც პირველ რიგში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს უნდა ყოფილიყო თანა–რეგულირების მექანიზმი – საუკეთესო გამოსავალი მართლაც ეს იქნებოდა,“ – ამბობს მარიამ კაპანაძე.