ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ბლოკის იმ მექანიზმის განახლებას, რომელიც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის მესამე ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს.
"შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფი და მტკიცე რეაგირება ჰქონდეს სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან EU-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირს საშუალება ექნება, უფრო მარტივად შეუჩეროს უვიზო მიმოსვლის სტატუსი ქვეყანას, თუ ის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის. ამასთან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, თუ მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა გაუარესდება, მაგალითად, ადამიანების უფლებების დარღვევის გამო.
ახალი რეგულაციით, უვიზო მიმოსვლის პირველად შეჩერების ხანგრძლივობა 12 თვემდე გაიზრდება, ნაცვლად ახლა მოქმედი 9 თვისა. ამასთან, პირველადი პერიოდი შესაძლოა, მაქსიმუმ, 24 თვემდე გახანგრძლივდეს, ნაცვლად - 18-ისა: "დროებითი შეჩერების გახანგრძლივებული ფაზა ევროკავშირს საშუალებას მისცემს, უვიზო რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებამდე, ითანამშრომლოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია".
ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას. მექანიზმის წინა რედაქციით, უვიზო რეჟიმის შეჩერება სამიზნე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე მოქმედებს, ახალი წესების თანახმად კი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე. არამედ, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს (გააგრძელოს) მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიზანში ამოღება.
ამასთან, ევროკავშირმა 30%-მდე შეამცირა 50%-იანი ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყნიდან ვადაგადაცილებით დარჩენის შემთხვევების, თავშესაფრის მოთხოვნის თუ სერიოზული დანაშაულებების 30%-ით გაზრდის შემთხვევაში, ქვეყანას უვიზო რეჟიმი დროებით შეუჩერდება.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ოფიციალურად შევა ძალაში.




























