ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის შიდა ბაზრის ყოფილ კომისარს, ტიერი ბრეტონს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად შტატებში ჩასვლა დეზინფორმაციასთან მებრძოლ რამდენიმე აქტივისტსაც აეკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის მთავრობა მათ ამერიკული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურაში სდებს ბრალს. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის დაინიცირებითა და დამტკიცებით ტიერი ბრეტონმა სოციალურ მედიაში არსებულ სიტყვის თავისუფლებას ბრძოლა გამოუცხადა და საკუთარი შეხედულებების დაუფარავად გაჟღერების გამო ადამიანების დასჯას შეუწყო ხელი.
გადაწყვეტილების გამოცხადების პარალელურად, თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და მათ იმ კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდა, რომელიც, მათი შეფასებით, ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს. ამასთან, პრობლემას უქმნის ამერიკულ ტექ-გიგანტებს, რომელთა სერვისითაც ევროპაში მილიონობით ადამიანი სარგებლობს. კონკრეტულად, იგულისხმება ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც კოლოსალური მოცულობის ჯარიმები გამოეწერათ ილონ მასკის X-ს, ასევე მარკ ცუკერბერგის Meta-ს და Alphabet-ის შვილობილ Google-ს.
ევროკავშირის ყოფილ კომისართან ერთად სავიზო შეზღუდვები შეეხოთ დეზინფორმაციასთან მებრძოლ აქტივისტებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ე.წ. მედიაჩეკრებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების მხრიდან. ბრიუსელში აცხადებენ, რომ შეზღუდვები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზნად სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ისახავს.




























