პოლონელი და ლიეტუველი დიპლომატები ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთთან ერთად ბელარუსსაც მოიცავს, SWIFT-დან სხვა რუსული ბანკების გათიშვასაც მოითხოვს. ამ დროისთვის სისტემიდან შვიდი რუსული ბანკია ჩახსნილი.
როგორც Reuters წერს, დიპლომატების მოთხოვნებს შორის რუსული ნავთობისთვის დაწესებული საფასო ჭერის კიდევ უფრო დაწევაც არის. ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საბოლოოდ დეკემბერში შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული სანქცია გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლაზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გადაიხდიან.
ომის დაწყების წლისთავის მოახლოებასთან ერთად ევროკავშირი კიევისთვის 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გადაცემას იწყებს [გრძელვადიანი სესხი წელზე გადანაწილდება] და უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების გადაცემას განიხილავს. გამოცემა ასევე წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქნციების მე-10 პაკეტი ომის წლისთავისთვის 24 თებერვლისთვის იქნება მზად.