მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა იქნება მთავარი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისთვის - ბიზნესმენი

64953f77f0d61
ინგა მურუსიძე
23.06.23 11:30
675
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანა წავიდეს ევროკავშირის მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვის ეკონომიკისთვისაც, - ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ დირექტორმა, ბექა ბექაიამ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ აფასებს ის საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და რა მიაჩნია მთავარ გამოწვევად, ბექაია პასუხობს: „ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს ისევ ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე შევაფასებდი. ვთვლი, რომ ჩვენ დიდი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს ყველა სტრუქტურასთან. ამ კუთხით, ჩვენი კომპანიის დონეზე დღეის მდგომარეობით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. BAG-ის კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს ამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

ამასაც ბუნებრივია ვიყენებთ, თუმცა შორს უნდა გავიხედოთ. დღეის მდგომარეობით ვამბობთ, რომ ჩვენს კომპანიას არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით, მხარდაჭერას ვიღებთ, თუმცა მთავარი არის რა იქნება ხვალ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანა წავიდეს ევროკავშირის მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვისაც. პოლიტიკური რყევები ბუნებრივია შფოთებს აჩენს, არ ვიცით რა იქნება ხვალ. მუდმივი დაძაბულობაა პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც ჩვენც გვაშფოთებს, რადგან არასტაბილურ გარემოს ქმნის“.

კითხვაზე, რამდენად არასტაბილური გარემოა, ბიზნესმენი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოლოდინების თვალსაზრისით გარემო ნამდვილად არასტაბილურია.

„ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. როცა უცხოელ პარტნიორებს ვესაუბრებით, ან ინვესტიციებზეა საუბარი, პირველ რიგში ეს მომენტი დგას დღის წესრიგში - ოკუპაცია და არასტაბილურობა. თუ ვინმე აქ რამეს გააკეთებს, გაბედულებისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ.

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. ის, რომ მიმართულებას ყველა ხედავდეს უფრო მკაფიოდ და მე იმედი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, - განაცხადა ბექაიამ.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, ბექა ბექაია ამბობს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი სწრაფვა იქნება მთავარი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისთვის.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ვერ დავაინტერესებთ ინვესტორებს ჩვენი ბაზრის სიდიდით. უამრავი ქვეყანაა მსოფლიოში, აზიის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია, ეკონომიკები გაცილებით დიდია აბსოლუტურ მაჩვენებელში, დემოკრატია იქ არ არის, თუმცა დიდი კომპანიები ახდენენ ინვესტირებას, რადგან ხედავენ, ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს. საქართველო ბაზრის სიდიდით და მოსახლეობის მოცულობით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული პირობები უნდა შევქმნათ“, - ამბობს ბექაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები