ევროკავშირმა უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-20 პაკეტზე მუშაობა დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
როგორც გამოცემა Delf-ი წერს, ლიეტუვის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკითხი 7 ნოემბერს ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა კრისტუპას ვაიტეკუნასმა და ევროკომისარმა ფინანსური სერვისების საკითხებში მარია ლუის ალბუკერკემ განიხილეს.
გამოცემის ცნობით, ვაიტეკუნასმა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბელარუსის წინააღმდეგაც უნდა გაამკაცრონ ზომები, „შეუსაბამონ ისინი რუსეთისთვის დაწესებულ ზომებს და დააწესონ დამატებითი შეზღუდვები“.
ალბუკერკემ აღნიშნა, რომ ბელარუსის მიმართ ახალი ზომების მომზადების პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.
„ჩვენ ასევე მესამე ქვეყნებთან ვმუშაობთ, რადგან ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას“, - დასძინა ევროკომისარმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების წინა - მე-19 პაკეტი დაახლოებით 3 კვირის წინ დაამტკიცა. მე-19 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ 2027 წლამდე რუსული LNG-ის, თხევადი გაზის იმპორტი უნდა შეაჩეროს. სანქციები ვრცელდება რუსეთის ფინანსურ სექტორზეც, ისევე როგორც ჩინურ და ინდურ კომპანიებზე, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში არიან მხილებული. დამატებით შეიზღუდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირება და სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა - შეზღუდვები გავრცელდება 117 ტანკერზე.




























