ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვების მე-14 პაკეტში პირველად მოხვდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირი, იგივე LNG, რომლის ყიდვასაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ისევ აგრძელებს და პროდუქტის ნაწილი, ევროკავშირის გავლით, ისეთ ქვეყნებში ხვდება, როგორებიცაა: ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. შეზღუდვის თანახმად, ევროპულ კომპანიებს კვლავ ექნებათ უფლება შეიძინონ რუსული LNG, მაგრამ აეკრძალებათ მისი რეექსპორტზე გატანა. ამას გარდა, რუსეთში ახალი LNG პროექტებისთვის ინვესტიციების, სერვისისა და საქონლის მიწოდება აიკრძალება.
ასევე, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უფრო მკაცრ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და დახურონ ის ხვრელები, რომლებიც აქამდე მიღებულ სანქციების პაკეტებში იყო.
სანქციები ვრცელდება ათეულობით გემზე და ტანკერზე, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ასავლელად.
ახალი სანქციებით, რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ Swift-ის რუსულ ანალოგ სისტემასთან პირდაპირ დაკავშირება და ტრანზაქციების გატარება.
ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას რუსული წყაროებიდან დაფინანსების მიღება ეზღუდებათ.
აგრეთვე, ახალი პაკეტი ითვალისწინებს ჰელიუმის იმპორტის შეზღუდვას და დამატებით შეზღუდვებს ისეთი ქიმიკატებისა და ელექტრონიკის ექსპორტზე, რაც შესაძლოა რუსეთმა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.