დღეს, ევროკავშირის ციფრული მონაცემების დაცვის კომისიამ სოციალურ ქსელ TikTok-ს 367 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.
მარეგულირებლის განმარტებით, კომპანია აქტიურად არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის შესახებ.
გარდა ამისა, TikTok-ზე რეგისტრირებული არასრულწლოვანი მოქალაქეები და ბავშვები მარტივად ახერხებენ ისეთი სახის ვიდეო-კონტენტის ნახვას, რომელიც მათთვის არ არის განკუთვნილი. კომისიის შეფასებით, ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს TikTok-ის ალგორითმი, რომელიც ბავშვებს და ზრდასრულ მომხმარებლებს ერთნაირ კონტენტს სთავაზობს, რაც არასრულწლოვანების ფსიქიკაზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს.
გამოძიებამ აგრეთვე დაასკვნა, რომ TikTok-ის სისტემა არასრულწლოვანების პირად ანგარიშებს ავტომატურად ანიჭებდა „საჯაროს“ სტატუსს, ანუ მათ მიერ განთავსებული ვიდეორგოლები მსოფლიოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, არადა ევროკავშირი მოითხოვს, რომ ბავშვების ანგარიშებს დახურულის სტატუსი მიენიჭოთ, რათა შემცირდეს ბულინგის, დაცინვის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები, რომელიც TikTok-ში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ბავშვების თვითშეფასებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ TikTok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამ ჯარიმით არ დასრულებულა, ევროკავშირი დამატებით 22 კანონდარღვევასთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას და მოსალოდნელია, რომ TikTok-ს დამატებით სხვა ჯარიმებიც დაუწესდეს.
თავად კომპანიის წარმომადგენლობა ბრალეულობას არ აღიარებს და მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ TikTok-ს მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მათი 30% კი არასრულწლოვანია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.