მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბეწვი, რომლისგან დამზადებული ქურქების ფასიც ექვსნიშნა ციფრებს აღწევს, მცირე ხნით ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცა, თუმცა ახლა მასზე შეზღუდვები მოიხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რუსული სიასამურის ძვირად ღირებული ტყავის იმპორტი კვლავ განახლდეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აპრილში დაწესებული აკრძალვა გააუქმეს.
ეს ცვლილება ბრიუსელის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მიღებულ სანქციების ბოლო პაკეტში შევიდა, რომელიც გასულ კვირას შეთანხმდა.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ გამონაკლისის დაშვება აუცილებელი იყო, ვინაიდან რუსეთი სიასამურის ბეწვის გლობალურ ვაჭრობაში დომინირებს და ევროპელ მწარმოებლებს ალტერნატიული მომწოდებლების მცირე არჩევანი აქვთ.
"როგორც ჩანს, მისი სხვაგან მოძიება ძალიან რთულია", - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
როგორც ევროკავშირის დიპლომატმა გამოცემა Euractiv-ს განუცხადა, იტალიამ და საბერძნეთმა - რუსული სიასამურის ტყავის ორმა უმსხვილესმა შემსყიდველმა ევროკავშირში - ამ გამონაკლისის დაშვებას აქტიური ლობირება გაუწიეს.
სიასამური (Martes zibellina) - პატარა მტაცებელი ძუძუმწოვარია, რომელიც ჩრდილოეთ აზიის ტყეებში ბინადრობს. ის თავისი განსაკუთრებულად რბილი ბეწვით ფასდება და დიდი ხანია, ევროპის წამყვანი მოდის სახლებისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს.
რუსული სიასამურის ქურქები შესაძლოა ათიათასობით ან ასიათასობით ევროდ გაიყიდოს. ამ ფაქტმა თავის დროზე გამოცემა New York Times-საც კი გაუჩინა კითხვა - როგორ შეიძლება ერთი ქურქი იმაზე ძვირი ღირდეს, ვიდრე Rolls-Royce-ის მარკის ავტომობილი.
გასულ კვირას მიღებული ახალი გამონაკლისი აღადგენს წვდომას რუსული სიასამურის ნედლეულზე (დაუმუშავებელ ტყავზე), მიუხედავად იმისა, რომ მზა ბეწვის ნაწარმის რუსეთში ექსპორტი კვლავ აკრძალულია.




























