ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მერკოსურის ქვეყნებთან, ანუ წამყვან სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმების დადება იანვრის მეორე ნახევრამდე გადაიდო.
ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გარიგებას ხელი შაბათს, 20 დეკემბერს მოეწერებოდა. არსებული ინფორმაციით, შეთანხმების არსებული რედაქციის დამტკიცებას იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი ევროპელი ფერმერების ინტერესებს არასაკმარისად იცავდა. კერძოდ, სამხრეთ ამერიკულ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებს ევროკავშირისთვის შესაბამისი რეგულაციების დაკმაყოფილებას სრულყოფილად არ ავალდებულებდა. ამასთან, ევროპულ ბაზარზე სამხრეთ ამერიკული პროდუქცია გაცილებით იაფად შევიდოდა, რაც ადგილობრივი ფერმერების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. განსაკუთრებით ყურადღება ბრაზილიურ ძროხის ხორცსა და ფრინველის ხორც-პროდუქტებზე გამახვილდა.
აღსანიშნავია, რომ მერკოსურის ქვეყნებთან შეთანხმების დადებას მხარს გერმანია და ნორდიკული სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. იტალიისა და საფრანგეთის პოზიციას კი გარკვეულწილად პოლონელი, უნგრელი და ესპანელი პოლიტიკოსებიც იზიარებდნენ. რაც შეეხებათ თავად სამხრეთ-ამერიკულ ქვეყნებს, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ თავისი მუქარა უკან გაიწვია და განაცხადა, რომ იტალიასა და საფრანგეთს პოზიციების ჩამოყალიბებისთვის დროს მისცემს და გარიგების გადავადებას მხარს დაუჭერს. ცნობისთვის, ლულა აჟღერებდა გაფრთხილებას, რომ თუ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება გადავადდებოდა, ის განახლებულ დოკუმენტს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2027 წლამდე აღარ მოაწერდა ხელს.




























