2024 წელს ევროკავშირმა ჯამში 376 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგოპროდუქტები იყიდა. 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია იმპორტირებული ენერგოპროდუქტების როგორც ღირებულება (16%-ით) ისე მოცულობა (7%-ით). საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი. LNG-ის იმპორტი ღირებულებაში 39%-ით, ხოლო მოცულობაში 15%-ით შემცირდა.
Eurostat-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებლების ნორვეგია და აშშ არიან. გასულ წელს ევროკავშირმა LNG-ის თითქმის ნახევარი (45%) აშშ-დან იყიდა; შემდეგ მოდის რუსეთი (17.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ალჟირი (10.7%). ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა (45.6%); ალჟირი (19%) და 16% რუსეთი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ გაზის ახალი ბაზრების ძიება დაიწყო. თუ 2021 წელს რუსეთიდან 137 მილიარდამდე მ³ ბუნებრივ აირს ყიდულობდა, რაც ევროკავშირის ჯამური მოხმარების დაახლოებით 40% იყო, 2023 წელს რუსული გაზის იმპორტი 25 მილიარდ მ³-მდე შემცირდა. რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი წყარო LNG აღმოჩნდა, რომელსაც ევროკავშირი ძირითადად აშშ-დან ყიდულობს.