ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ევროპას რუსული გაზის სრულად ჩანაცვლება გათხევადებული გაზით (LNG) შეუძლია.
ევროკავშირი 2027 წლიდან რუსული გაზის მოხმარების განულებისთვის ემზადება. მიზეზი უკრაინის ომია, რომელსაც კრემლი ძირითადად ნავთობის და გაზის გაყიდვიდან მიღებული ფულით აფინანსებს.
ბრიუსელში ომისთვის მეტი თუნდაც ირიბი რესურსის მიცემა არ სურთ, თუმცა რამდენად მოახერხებს ევროპა ათწლეულების განმავლობაში გაზის მთავარი მიმწოდებელი სრულად ჩაანაცვლოს რთულად სათქმელია. მით უფრო რომ ნავთობისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზარი რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
ბოლო წლებში ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვა შეამცირა. ასე მაგალითად თუ 2021 წელს ევროკავშირი რუსეთიდან 150 მლრდ მ3 გაზს ყიდულობდა 2024 წელს მიწოდება 52 მილიარდ მ3-მდე არის შემცირებული. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ახალ რეალობაში, რაც ევროპისთვის ომმა დააყენა, გაზის მთავარი მიმწოდებელი ნორვეგია და აშშ გახდა.
"LNG-ის (თხევადი ბუნებრივი აირის) ბაზარზე მზარდი ტენდენცია შეინიშნება. თუ ადრე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება 150 მილიარდ კუბურ მეტრს (BCM) აღწევდა, ახლა ევროპაში იმპორტირებული გაზის 50%-ზე მეტი უკვე LNG-ზე მოდის, რომლის დიდი ნაწილი (დაახლოებით 60%) ამერიკულია.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ევროპაში ინტენსიურად დაიწყეს LNG ტერმინალების მშენებლობა რუსული რესურსის ჩასანაცვლებლად. გერმანიამ უკვე ააშენა ორი ტერმინალი და კიდევ ორს ელოდება; ტერმინალები ააშენეს იტალიამ და ხორვატიამაც, ხოლო სხვა ქვეყნებში მშენებლობები კვლავ მიმდინარეობს.
მიუხედავად ამისა, ევროპას არ სურს მხოლოდ ამერიკაზე იყოს დამოკიდებული და ცდილობს მომწოდებლების დივერსიფიცირებას. გააქტიურებულია ურთიერთობა კატართან, ალჟირსა და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან. ამ ეტაპზე უმსხვილეს მომწოდებლად კვლავ ნორვეგია რჩება, თუმცა მას მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდის რესურსი არ გააჩნია. ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი სწორედ ამერიკულ LNG-ს აქვს, რომელსაც ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში რუსული აირის თითქმის სრულად ჩანაცვლება შეუძლია.
ვინაიდან რუსული გაზის წილი უკვე 12-13%-მდეა შემცირებული, მისი სრულად ჩანაცვლება LNG-ით სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ნებისმიერი მომავალი ზრდა LNG ტერმინალებზე იქნება დამოკიდებული. არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მოხმარებაში LNG-ზე გადასვლა სრულიად ნორმალური ტენდენციაა", - ამბობს მამათელაშვილი.




























