2022 წლის აგვისტო-ნოემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოხმარება 20%-ით შემცირდა. ევროკომისიის ინფორმაციითვე, ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად ლიეტუვასა და ლატვიაში გაზის მოხმარება 40%-ითაც კი შემცირდა.
ივლისში მიღებული რეგულაციით, წევრ ქვეყნებს გაზზე მოთხოვნა 15%-ით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე უნდა შეემცირებინათ.
რუსეთზე დამოკიდებულებისა და ენერგომოხმარების შესამცირებლად, ევროკომისიამ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდეს, მოერიდონ ავტომობილების გამოყენებას და ახლო მანძილზე ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ; ზამთარში თუნდაც 1 გრადუსით დაუწიონ გათბობას, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ; ხოლო კვირაში სამი დღე სახლიდან, დისტანციურად იმუშაონ.
ევროკომისია აცხადებდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 500 ევროს დაზოგვას შეძლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ რეკომენდაციებს ევროკავშირის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინებს, ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის და 17 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ევროკავშირის მოთხოვნას ენერგორესურსებზე.




























