წამყვანი ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი ევროკავშირის ბაზარზე ასაკობრივი კონტროლის დამატებით მექანიზმებს შემოიღებს.
როგორც ირკვევა, მიზანი 13 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვაა. ამის ნაწილი კი იდენტიფიკაციის გაცილებით ეფექტური სისტემის დანერგვა იქნება. კერძოდ, დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც დააკვირდება მომხმარებლების პროფილებს, გამოქვეყნებულ ვიდეოებს, ასევე ქცევის სტრუქტურას და წერის მანერას და დაადგენს მომხმარებლის შესაძლო ასაკს. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ მომხმარებელი 13 წლამდე ასაკისაა, მისი ანგარიში TikTok-ის მიერ გადამზადებულ სპეციალისტებთან გადამისამართდება, სადაც გადაწყდება, უნდა დაიბლოკოს თუ არა გვერდი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემა დიდ ბრიტანეთში უკვე ერთი წელია იტესტება და ეფექტურად მიიჩნევა.
TikTok-ის შემქმნელმა ჩინურმა ტექ-გიგანტმა, ByteDance-მა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით დამატებითი რეგულაციები დაანონსდა და გაჩნდა ალბათობა, რომ მარეგულირებლები პლატფორმას მკაცრ ჯარიმებს გამოუწერდნენ, თუ კომპანია მოზარდების უსაფრთხოების დაცვაზე თავის წილ პასუხისმგებლობას არ აიღებდა. შეგახსენებთ, TikTok-ის მოხმარება 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ავსტრალიაში უკვე სრულად შეეზღუდათ, დანია კი მსგავსი მიდგომის დანერგვისთვის ემზადება. ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ByteDance-ი ავტორიზაციის სისტემებზე მომუშავე ევროპულ კომპანია Yoti-საც დაუკავშირდა და მუშაობს ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც არასრულწლოვნებს წვდომას კიდევ უფრო შეუზღუდავს. მათ შორის, ანგარიშებს პირადობის მოწმობისა და საკრედიტო ბარათების მონაცემების მითითებას დაავალდებულებს.




























