ევროკავშირი უკრაინისთვის €100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების გრძელვადიანი პაკეტი 2028-2034 წლებზე იქნება გათვლილი. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა საერთო ევროპულ ინტერესშია.
აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტის დეტალებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები 16 ივლისს გაეცნობიან. როგორც ირკვევა, ფონდის თანხა უკრაინას გრანტების, შეღავათიანი სესხებისა და რუსული აქტივების სახით გადაეცემა. აქვე უნდა ითქვას, რომ გამონაკლისის სახით, ფონდის ნაწილი ომში მყოფ ქვეყანას 2027 წელსაც გადაეცემა. ინიციატივის მიზანი უკრაინის ბიუჯეტის მოსალოდნელი დანაკლისის შევსებაა.
დახმარების პაკეტის შემოღებით ევროკავშირი შეერთებული შტატების დისტანცირებით გამოწვეული დანაკლისის შევსებას ცდილობს. ზუსტად როგორ გადანაწილდება თანხები კვლავ უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფონდი სამხედრო შეიარაღების შეძენასაც მოიცავს.
ინიციატივას უკვე გამოუჩნდა უამრავი მომხრე. მათი შეფასებით, ფონდის შექმნა ევროკავშირის სიძლიერისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების დემონსტრირება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ფონდის შექმნა გარანტირებული არ არის. მიზეზი კი ევროგაერთიანების პრობლემური წევრების შესაძლო წინააღმდეგობაა. როგორც ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილებები ერთსულოვნად, ყველა წევრმა უნდა დაამტკიცოს. რამდენად ენდომებათ ორბანსა და ფიცოს მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერას, ამის თქმა ახლა ძალიან ძნელია.




























