მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისია გაფართოების წლიურ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს - რას უნდა ველოდოთ?

ევროკავშირი

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს. ანგარიში კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეხება, მათ შორის საქართველოსაც. როგორც მოსალოდნელია, სრული ანგარიში თბილისის დროით, დაახლოებით 13:00 საათიდან იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც, 17:15 საათზე დაგეგმილია გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის პრესკონფერენცია, რომელიც ანგარიშის დეტალებზე ისაუბრებს.

პარალელურად, 18:00 საათზე დაიწყება ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენცია თბილისში, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ Facebook-გვერდზეც გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს ყოველწლიურად ამზადებს ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ინსტიტუტებისთვის. გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას.

გაფართოების ანგარიშში შეფასებული იქნება, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მიიღო. დოკუმენტში დეტალურად იქნება აღწერილი გასული წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე გავლენა. ამასთან, ანგარიშში მოცემული იქნება რეკომენდაციებიც.

ცნობისთვის, ანგარიში მედიისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არაა, თუმცა, "რადიო თავისუფლებამ" გი წინსწრებით მოიპოვა. გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას ანგარიში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო უპრეცედენტოდ მწვავედ აკრიტიკებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან კიდევ უფრო შემცირდა და დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული.

უპრეცედენტო უკუსვლა კანდიდატებს შორის - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები