მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისია მოქალაქეებს დისტანციური მუშაობისა და ავტომობილებით ნაკლები მოძრაობისკენ მოუწოდებს

დან იორგენსენი

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დან იორგენსენმა, ირანის ომით გამოწვეული ნავთობის დეფიციტის ფონზე, ევროპელებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისა და ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებისკენ მოუწოდა. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კომისარმა აღნიშნა, რომ ევროპა "უაღრესად სერიოზული" ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რომლის დასრულების მკაფიო ვადებიც არ არსებობს. მისი თქმით, მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი, ახლო მომავალში ენერგეტიკულ ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზება მოსალოდნელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინება უკვე ოფიციალურად სთხოვა. საუბარია მაგისტრალებზე სიჩქარის ლიმიტის 10 კმ/სთ-ით შემცირებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე და ავტომობილების ერთობლივი გამოყენების წახალისებაზე. იორგენსენის განმარტებით, დიზელისა და საავიაციო საწვავის მაქსიმალური დაზოგვა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გამოსავალი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების გაორმაგებასა და სრულ ენერგოდამოუკიდებლობაშია.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები დაიწყეს, ნავთობისა და გაზის ფასები მსოფლიო ბაზარზე 70%-ით გაიზარდა. ეს კი მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების კრიტიკული მონაკვეთის, ჰორმუზის სრუტის პარალიზებამ განაპირობა. გავრცელებული ცნობებით, ევროკომისია უახლოეს პერიოდში ევროკავშირის დონის სპეციალურ ზომათა პაკეტს წარადგენს, რომელიც ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და ბიოსაწვავის წარმოების სტიმულირებას დაისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები