დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინიციატივა. ამ ინიციატივას კომისია ევროპული საბჭოს ლიდერების სხდომაზე დააყენებს დღის წესრიგში. ევროკომისიას აღნიშნული შეზღუდვის პროექტის მომზადების რეკომენდაციით ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის სხდომაზე მიმართეს.
“ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ნაწილობრივ შეაჩეროს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება. თუ ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება და ძალაში შევა, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი იქნებიან დააწესონ ვიზების მოთხოვნები საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ასევე, უნდა აცნობონ ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას. გარდა ამისა, აღარ იქნება მოქმედი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის არსებული შეღავათები, როგორიცაა სწრაფი განხილვის ვადები, შემცირებული გადასახადები და ნაკლები მოთხოვნები დოკუმენტების წარდგენაზე,”- ნათქვამია ევროკომისიის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“დღეს ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი აგოს მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის გამო. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ოპოზიციის ჩახშობა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და დაფინანსება გადავიტანეთ ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარეს. გავაგრძელებთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. ასევე, განიხილება საქართველოს მიმართ სანქციები, და დამატებითი ზომები განხილვის პროცესშია,”- აცხადებს კაია კალასი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.




























