ევროკავშირი ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა, სხვა გზა მონობამდე მიდის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით დღევანდელი დღე არის საქართველოს პასუხი რუსეთს.
"გილოცავთ ჩემო თანამემამულენო, გილოცავთ აქ მყოფებს და მათ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, ვინც ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებით. ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა, ეს დღეს თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ეს დღე ილიასია, რადგან სიმბოლურია რომ დღეს მისი დაბადების დღეა. აკაკისია, ვაჟასია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს დღე ზვიადის და მერაბისია.
ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, ვინც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე მეტად ეს თქვენი დღეა, რამეთუ ქართველმა ხალხმა თავის თქვა და არ უყოყმანია ამ გზაზე. ეს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა მონობამდე და საკუთარი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალს არ ესწავლება.
ეს დღე არანაკლებ იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო და ვინც ამ ქვეყნის ოკუპაციას ტრაგიკულად ემსხვერპლა მათი დღეა. ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა, დღეს სინამდვილეში აქ არიან, იმიტომ რომ ისინი ამისთვის იბრძოდნენ, მინდა მათ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ, რადგან მათ პატივი მივაგოთ, ამ დღეს, ამ სიხარულში.
ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ: ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით - „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა.