ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი "მწვავე პნევმონიის" გამო დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს. ამის შესახებ "ევრონიუსი" ევროკომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენის ავადმყოფობის გამო, იანვრის პირველი ორი კვირის შეხვედრები გაუქმდა.
"მას მწვავე პნევმონია აქვს", - განაცხადა ფონ დერ ლსიენის პრესსპიკერმა, თუმცა არ დააკონკრეტა მეტი დეტალი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
იანვრის პირველ ნახევარში ევროკომისიის ხელმძღვანელს დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი ლისანბონში, სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო, ასევე პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სადაც პოლონეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის გადაბარების ცერემონიალს უნდა დასწრებოდა. ამასთან, ავადმყოფობის გამო, ფონ დერ ლეიენი ვერ დაესწრო ვარშავაში გუშინ გამართულ ღონისძიებას, ასევე პოლონეთის მიერ ექვსი თვით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის გადაბარების შესახებ.
ცნობისთვის, 66 წლის ფონ დერ ლეიენი მეორე - 5-წლიანი ვადით ჩაუდგა სათავეში ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურას - ევროკომისიას.