Via supervadet vadens
გზას მიმავალი გაივლის
რა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? თავს ნებას მივცემ და შევეცდები ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გავცე. აქვე კი გეტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ დამატებითი საფინანსო ფონდები, ინფრასტრუქტურის თუ სოფლის მეურნეობის განვითარება, სამომავლოდ კი თვით ევროკავშირის წევრობით გამოწვეული დოვლათის ზრდა. ეს ბევრად მეტია, მეტაფიზიკურად მეტია.
აწ უკვე შორეულ 1993 წელს, პირდაპირ საუნივერსიტეტო მერხიდან დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ის დრო იყო, როდესაც ქვეყანა კოლაფსშია, გამეფებულია წარმოუდგენელი ქაოსი, სიბნელე და ამავე დროს ჩვენს თვალწინ იქმნება ისტორია, ნელ-ნელა ისახება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც არ ეყრდნობა მხოლოდ პრაგმატიზმს, არამედ ეყრდნობა სიმართლის ფუნდამენტურ, შინაგან რწმენას. მუშაობის დაწყებიდან საკმაოდ მალე, 1994 წელს დიპლომატთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი მიხეილ უკლება, დაიწყო მოლაპარაკების ორწლიანი პროცესი ევროკავშირთან (იმ დროს ევროპული გაერთიანებები). იქმნებოდა პირველი სამოქმედო-სამართლებრივი ბაზა: შეთანხმება პარტნიობისა და თანამშრომლობის შესახებ ევროპის გაერთიანებებსა და საქართველოს შორის (Partnership and Cooperation Agreement, PCA). მოლაპარაკებები მონაცვლეობით ტარდებოდა ბრიუსელში და თბილისში.
ხელშეკრულების თავდაპირველი პროექტი, რომელიც ევროკომისიამ შესთავაზა ქართულ მხარეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი სახელმწიფოებისათვის გათვალისწინებული სტანდარტული პროექტი იყო. ჩვენ უარვყავით ეს პროექტი, ვგრძნობდით რა, რომ საქართველოს ეკუთვნოდა უფრო მეტი. უსამართლობის განცდა, რომელმაც უარი გვათქმევინა შეთანხმების პირველ ვერსიაზე, გამოწვეული იყო იმ გრძნობით, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას და შესაბამისად, ვიმსახურებდით განსაკუთრებულ მიდგომას. საიდან იყო კუთვნილების ეს გრძნობა ჩვენში? ღმერთმა უწყის. საიდან მოვდიოდით ჩვენ? 70 წლიანი პატიმრობიდან, სამი ომიდან და ქაოსიდან. რა ევროპული მეხსიერება უნდა გვქონოდა? არანაირი, წესით. არცერთ ჩვენგანს არ გააჩნდა ევროპის პრაქტიკული გამოცდილება, ზოგი საერთოდ ნამყოფიც არ იყო ევროპაში. მაგრამ გვქონდა ურყევი რწმენა, რომ უამრავ შტორმგადატანილი, დამსხვრეული, დალეწილი, მაგრამ მაინც ჩასაძირად არგანწირული გემი უნდა დაბრუნდეს თავის პორტში, იმ პორტში, რომლის შუქურა წყვდიადში არასდროს არ ჩამქრალა (ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. იოანე, 1:5). პარადოქსულია, რომ პრაქტიკულად არაფუნქციონირებადი სახელმწიფოს წარმომადგენლები მხოლოდ ამ რწმენაზე დაყრდნობით მოვითხოვდით მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებას, რასაც მივაღწიეთ კიდეც. და მას შემდეგ, ჩვენ ყველანი, უამრავი ძალისხმევით მოვედით დღემდე, როდესაც ერთ თვეზე ნაკლები გვაშორებს ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოს სტატუსის ოფიციალურად მინიჭებამდე. ქრისტიანობა, ძველბერძნული ფილოსოფია და რომაული სამართალი - ევროპელობის ამ სამი ყველაზე ღრმა, ფუნდამენტური საყრდენის მატარებელი ქვეყანა ვართ. წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ როგორც ლაო ძიმ თქვა: „ათასი ლის გზა იწყება ერთი ნაბიჯით.“