ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის პროგრესის შეფასების ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს - როგორც ბლოკის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია გადამწყვეტი ინდიკატორი იქნება, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირი კიევთან მოლაპარაკებებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაერთიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ EU-ს წევრი ქვეყნისათვის სავალდებულო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.
ანგარიშზე დაყრდნობით ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბერს ჩატარებულ სამიტზე მიიღებს, სადაც ბლოკის ლიდერები შეთანხმდებიან, განაგრძონ ფორმალური მოლაპარაკებები უკრაინასთან, თუ - არა. ამავდროულად, კიევისთვის EU-ის წევრობის მოპოვება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავარი პრიორიტეტია.
ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის შეფასების მიხედვით, უკრაინის ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები გაუმჯობესებულია, თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო - არსებობს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ანალოგიურ შეფასებას შეიტანს.
EU-ის ოფიციალურმა პირებმა ისიც განაცხადეს, რომ უკრაინის მსგავს რეკომენდაციებს, სავარაუდოდ, მოლდოვაც მიიღებს, რომელიც ანალოგიურად დაძაბულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია.
რაც შეეხება საქართველოს, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს, ოფიციალური პირების თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.