The Guardian-ისა და პარტნიორების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ევროპა მწვანე სივრცეებს დღეში 600 საფეხბურთო მოედნის ტემპით კარგავს. სატელიტურ გამოსახულებებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კონტინენტურ ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში მიწის მწვანე საფარი სწრაფი ტემპით იქცევა ნაცრისფრად, რაც განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, გაყვანილი გზებისა და ახალი საცხოვრებელი უბნების მშენებლობის დამსახურებაა.
ბრიტანული მედიის ცნობით, სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით მეცნიერები ამაზონის ტყის შემცირების ტენდენციებს წლების განმავლობაში იკვლევდნენ, კონტინენტურ ევროპაზე დასაკვირვებლად კი ეს მეთოდი აქამდე არავის გამოუყენებია. 11 ქვეყნის საგამოძიებო მედიებმა აღმოაჩინეს, რომ ევროპა ყოველწლიურად 1500 კვადრატულ კილომეტრ სახნავ-სათესი მიწას კარგავს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების გამო. 2018-დან 2023 წლამდე მწვანე საფარი ნაცრისფრით შეიცვალა 9000 კვადრატულ კილომეტრზე - ტერიტორიაზე, რომელიც ჯამურად კვიპროსის ფართობს უტოლდება. ეს მაჩვენებელი ყოველკვირეულად 30 კვადრატული კილომეტრის ან დღეში 600 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტია.
დანაკარგების უმეტესი ნაწილი, წელიწადში დაახლოებით 900 კვადრატული კილომეტრი, ბუნებაზე მოდის, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მშენებლობების დიდი ნაწილი, წელიწადში 600 კვადრატული კილომეტრის ეკვივალენტი, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოდის, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს კონტინენტის სურსათის უვნებლობისა და ჯანმრთელობისთვის.
გამოძიების თანახმად, მშენებლობების ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასა და გზებზე მოდის, თუმცა თავის წილს ასრულებს ტურიზმის, კონსუმერიზმისა და ინდუსტრიული სექტორებისთვის დაგეგმილი პროექტებიც.
ანალიზმა 30 ქვეყანა მოიცვა, რაც ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიის 96%-ს შეადგენს. ყველა შესწავლილი ქვეყანა კარგავს ბუნებრივ და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, თუმცა ზოგიერთში ეს მაჩვენებელი სხვებზე უარესია. ხუთი ქვეყანა, სადაც 2018-2023 წლებში ყველაზე მაღალი „მწვანე“ დანაკარგი დაფიქსირდა, თურქეთი (1800 კვ. კილომეტრზე მეტი), პოლონეთი (1000 კვ. კილომეტრზე მეტი), საფრანგეთი (950 კვ. კილომეტრი), გერმანია (720 კვ. კილომეტრი) და დიდი ბრიტანეთი (604 კვ. კილომეტრი) არიან.




























