ორშაბათს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი უნდა დასწრებოდნენ, ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში წამყვანი ევროპული სახელმწიფოების პირველმა პირებმა ერთიმეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ ხვალ უკრაინის ლიდერის გვერდით იქნებიან და ამერიკის პრეზიდენტთან მის პოზიციებს გაამყარებენ.
თავდაპირველად, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ევროპაში ტრამპის უახლოესი მოკავშირე, უკრაინის მხარდამჭერი ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ჩავიდოდნენ.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ცნობა ორივე მხარემ დაადასტურა, მსოფლიო მედიის ყურადღება სხვა ევროპულ ლიდერებზე გადავიდა. ამ მოლოდინს კი პირველი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა. მან X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის პირადი მოწვევით შეხვედრას თავადაც დაესწრებოდა.
შემდეგ იყო გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაცია, რომელმაც სანდრო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვაშინგტონში ფრიდრიხ მერციც ჩავიდოდა. აღსანიშნავია, რომ მედია სხვა ევროპელი ლიდერების ჩასვლასაც ვარაუდობდა, თუმცა მტკიცებით ფორმაში მხოლოდ გერმანიის კანცლერზე საუბრობდა. მალე მერცმა ინფორმაცია დაადასტურა.
თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Bild-ის კიდევ ერთი პროგნოზი გამართლდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს.
შეხვედრაში მონაწილეობა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის ღია მხარდამჭერმა, ჯორჯა მელონიმაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ამ მოცემულობით ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას დიდი შვიდეულის ოთხივე ევროპული ქვეყანა დაესწრება.
NATO, ევროკავშირი, დიდი შვიდეული, უკრაინა - თეთრ სახლში ჩანიშნული შეხვედრაზე, ხვალ დასავლური მსოფლიოს ლიდერები შეიკრიბებიან და ამერიკის პრეზიდენტთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების რეალურ შესაძლებლობაზე ისაუბრებენ.




























