ევროპამ გაზის თემები „დაალაგა“ - ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ ევროპამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილი გაზის კრიზისი გადალახა.
"დღეს გაზზე ევროკავშირის მხრიდან დიდ ინტერესს ვერ ვხედავ. ეს ინტერესი იყო 2022 წელს. როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში, ევროპის ბაზარზე გაზის დიდი დეფიციტი შექმნა, არ იცოდნენ გაზის ბაზარი რა სახეს მიიღებდა და სწორედ მაშინ იყო აქტიური მოძრაობა აზერბაიჯანისკენ, რომ შეძლებოდა ევროკავშირს დიდი რაოდენობით აზერბაიჯანული გაზის მიღება. 2023 წელს აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა რაღაცნაირად გაზის თემები „დაალაგა“. მილსადენებით მიწოდებული რუსული გაზი თხევადი გაზით ჩაანაცვლა, რომელიც დიდი რაოდენობით მიიღო მათ შორის, აშშ-დან“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი განმარტავს, რომ დღეს „სამხრეთის გაზის დერეფნით“ რეალურია დამატებით 10 მლრდ კუბ.მ გაზის ევროპისთვის მიწოდება, თუმცა ამისთვის კასპიის ზღვაში თურქმენეთის ოფშორში არსებული 2 საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს აზერბაიჯანში და შემდეგ საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპაში.
„საუბარია 10 მლრდ კუბ. მეტრის დამატებაზე, თუ თურქმენეთს ოფშორში არსებული 2 საბადოდან დაკავშირება მოხდება მცირე მილსადენით სამხრეთის გაზის დერეფანთან. არის შესაძლებლობა რომ თურქეთმა თვისი თხევადი გაზი მიაწოდოს ევროკავშირის ბაზარს და ეს 10 მლრდ თავად დაიტოვოს. ამის იქით თურქმენეთთან გაზის მიღებაზე საუბარი არ არის. თუმცა, ასე ხელჩაქნეული არ არის ევროპა გაზის მიმართ. ნორვეგიამ 18 მლრდ დოლარი განსაზღვრა ჩრდილოეთის ზღვაში გაზის საძიებო/ მოპოვებითი სამუშაოებისთვის. ასევე კატართან მოხდა შეთანხმება თხევადი გაზის მიწოდებაზე. ევროპის ბაზარი იცვლება, არამხოლოდ წარმოების და მიწოდების ქვეყნების მხრივ, არამედ კონტრაქტების კუთხითაც. ევროპაში დაბრუნდა გრძელვადიანი კონტრაქტები. ამ ტიპის კონტრაქტებზე ევროკავშირი 2021 წლამდე უარს ამბობდა და მოკლევადიან კონტრაქტებზე კონცენტრირდებოდა“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
აღსანიშნავია, რომ წელს 10 თვეში აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 19,8 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით მეტია. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროპაში გაიყიდა 9,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 8,1 მილიარდი კუბური მეტრის, ხოლო საქართველოში – 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოწოდება მოხდა.