მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპა და ევროკავშირი (EU) მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ რეგიონად ითვლება, ბოლო ათწლეულში აქ კორუფციასთან ბრძოლის პროგრესი შეფერხდა - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში ვკითხულობთ.
კერძოდ, 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) პუბლიკაციაში რეგიონის საშუალო ქულა 66-დან 64-მდე შემცირდა. 13 ქვეყანას მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს, გაუმჯობესება კი - მხოლოდ შვიდს.
2025 წლის დეკემბერში ევროკავშირმა პირველი ანტიკორუფციული დირექტივა მიიღო, რომლის მიზანიც წევრ სახელმწიფოებში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომის დამკვიდრება იყო. თუმცა ძირითადი დებულებები შესუსტდა, რის შედეგადაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, დირექტივის საბოლოო ჩარჩოს აკლია ამბიცია, სიცხადე და აღსრულებადობა, რითაც კორუფციის წინააღმდეგ კოლექტიური პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა დაიკარგა.
ფლორა კრესველმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეგიონულმა მრჩეველმა დასავლეთ ევროპაში, განაცხადა:
"არსებულ გეოპოლიტიკურ კლიმატში ევროპამ უნდა გაზარდოს და არა შეამციროს თავისი ანტიკორუფციული ამბიციები. კორუფცია გარდაუვალი არ არის: ევროპამ და მისმა ლიდერებმა ახლავე უნდა იმოქმედონ, რათა აჩვენონ ამბიციური, აღსრულებადი რეფორმა და გლობალური ლიდერობა".
ინდექსის ძირითადი მიგნებები რეგიონისთვის:
- CPI 182 ქვეყანასა და ტერიტორიას საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონის მიხედვით აფასებს, შკალაზე 0-დან (ძალიან კორუმპირებული) 100-მდე (ძალიან სუფთა)
- დასავლეთ ევროპასა და ევროკავშირში საუკეთესო ქულები აქვთ დანიას (89), ფინეთსა (88) და ნორვეგიას (81). ისინი გლობალურად საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს შორის არიან
- ყველაზე დაბალი ქულები აქვთ უნგრეთს (40), ბულგარეთსა (40) და რუმინეთს (45)
- იზრდება საზოგადოებრივი იმედგაცრუება კორუფციის გამო - ბულგარეთსა (40) და ესპანეთში (55) ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტები გაიმართა. ბულგარეთში სახელმწიფზე ფართოდ გავრცელებულმა კერძო გავლენებმა კლეპტოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოწოდებები გააძლიერა
- 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაუმჯობესება აქვთ საბერძნეთს (50) - 14 ქულით მატება და ჩეხეთს (59) - 10 ქულით მატება
- 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აქვთ ესპანეთს (55) - 10 ქულით კლება და მალტას (49) - 8 ქულით კლება. გაერთიანებულ სამეფოს (70) ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ვარდნა აქვს - 2017 წლის შემდეგ 12 ქულით ნაკლები
- ესტონეთმა (76), ლატვიამ (60) და ლიეტუვამ (65) ბოლო ათწლეულში CPI-ის ქულები გაიუმჯობესეს და კვლავ გამოირჩევიან ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული რეფორმებისადმი ერთგულებით. თუმცა, რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, განსაკუთრებით ლობიზმის გამჭვირვალობის, მხილებელთა დაცვისა და პოლიტიკის დაფინანსების წყაროების სიცხადის კუთხით
- რეგიონის მასშტაბით ვხედავთ ქულების გაუარესების ტენდენციას ტრადიციულად კარგად მომუშავე დემოკრატიებში, როგორებიცაა საფრანგეთი (66), შვედეთი (80) და ნიდერლანდები (78)
| ქვეყანა | პოზიცია კორუფციის აღქმის გლობალურ რეიტინგში | ქულა |
|---|---|---|
| დანია | 1 | 89 |
| ფინეთი | 2 | 88 |
| ნორვეგია | 4 | 81 |
| შვედეთი | 6 | 80 |
| შვეიცარია | 6 | 80 |
| ლუქსემბურგი | 8 | 78 |
| ნიდერლანდები | 8 | 78 |
| გერმანია | 10 | 77 |
| ისლანდია | 10 | 77 |
| ესტონეთი | 12 | 76 |
| ირლანდია | 12 | 76 |
| გაერთიანებული სამეფო | 20 | 70 |
| ავსტრია | 21 | 69 |
| ბელგია | 21 | 69 |
| საფრანგეთი | 27 | 66 |
| ლიეტუვა | 28 | 65 |
| ლატვია | 37 | 60 |
| ჩეხეთი | 39 | 59 |
| სლოვენია | 41 | 58 |
| პორტუგალია | 46 | 56 |
| კვიპროსი | 49 | 55 |
| ესპანეთი | 49 | 55 |
| იტალია | 52 | 53 |
| პოლონეთი | 52 | 53 |
| საბერძნეთი | 56 | 50 |
| მალტა | 60 | 49 |
| სლოვაკეთი | 61 | 48 |
| ხორვატია | 63 | 46 |
| მონტენეგრო | 65 | 46 |
| რუმინეთი | 70 | 45 |
| კოსოვო | 76 | 43 |
| მოლდოვა | 80 | 42 |
| ბულგარეთი | 84 | 40 |
| უნგრეთი | 84 | 40 |
| მაკედონია | 84 | 40 |
| ალბანეთი | 91 | 39 |
| უკრაინა | 104 | 36 |
| ბოსნია და ჰერცეგოვინა | 109 | 34 |
| სერბეთი | 116 | 33 |
| ბელარუსი | 124 | 31 |
| თურქეთი | 124 | 31 |
| რუსეთი | 157 | 22 |




























