მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპარლამენტარებმა უფასო ხელბარგსა და ავიაკომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემის სამსაათიან ვადას მხარი დაუჭირეს

eu

გასულ კვირას ევროკავშირის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ათწლეულის წინანდელ ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს, სამსაათიანი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადონ და მცირე ზომის ხელბარგის უფასოდ ტარების უფლება მისცენ.

მგზავრთა დაცვის გაზრდის შესახებ ევროკავშირის კანონი, რომელსაც მხარი 632-მა დეპუტატმა დაუჭირა (15-ის წინააღმდეგ), გადახედვის მოლოდინში თითქმის 15 წლის განმავლობაში იყო შეჩერებული.

ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობას სურს, მგზავრთა უფლებები შესუსტდეს, რათა ავიაკომპანიებისთვის წესები გამარტივდეს. სხვა ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია და ნიდერლანდები, მგზავრთა დაცვის გაძლიერებას უჭერს მხარს.

Euronews-ის ცნობით, ავიაკომპანიები ითხოვდნენ, რომ კომპენსაციის უფლება მხოლოდ მინიმუმ ხუთსაათიანი დაგვიანების შემდეგ ამოქმედებულიყო, რათა თავიდან აეცილებინათ სიტუაცია, როდესაც ავიაკომპანიები, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ფრენებს საერთოდ აუქმებენ. თუმცა, ევროპარლამენტისთვის დაგვიანების სამსაათიანი ზღვარი მოლაპარაკებას არ ექვემდებარებოდა.

ამჟამად, ევროპული ავიაკომპანიების მგზავრებს 250-დან 600 ევრომდე კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, თუ ფრენა გაუქმდა ან სამ საათზე მეტხანს დაგვიანდა. ევროდეპუტატების მიერ მხარდაჭერილი ტექსტი ადგენს, რომ ავიაკომპანიებმა, მანძილის მიხედვით, 300-დან 600 ევრომდე უნდა გადაიხადონ.

წინადადება ასევე ითვალისწინებს სალონის ბარგის საფასურის გაუქმებას, რაც მგზავრებს უფლებას აძლევს, უფასოდ ატარონ პირადი ნივთი (ზომებით: 40სმ x 30სმ x 15სმ) და მცირე ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთა, რომლის ჯამური ზომა მაქსიმუმ 100 სმ-ია, წონა კი - 7 კგ-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები უფასო ხელბარგის შეთავაზებით უფრო მეტს კარგავენ, კომერციული ავიაკომპანიების უმეტესობას ეს სერვისი უკვე აქვს.

ევროპის რეგიონების ავიაკომპანიების ასოციაციის (ERA) განცხადებით, შესწორებული კანონი რეგიონული ავიაციისთვის, შესაძლოა, სადამსჯელო და არაპროპორციული აღმოჩნდეს.

ევროკავშირის კანონმდებლებმა მგზავრთა უფლებების შესახებ კანონის (რომელიც თავდაპირველად 2004 წელს იქნა მიღებული) გადასინჯვისთვის სამართლებრივი პროცედურები თითქმის ამოწურეს. თუ ევროკავშირის ქვეყნები პარლამენტის ტექსტს არ დაამტკიცებენ, შეიკრიბება სპეციალური კომიტეტი კანონპროექტის საბოლოო სახეზე შეთანხმების მისაღწევად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები