დღეს ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, დაახლოებით 373 მლნ ამომრჩეველს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა. არჩევნებში ხმის მიცემა ერთი ან ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, დღეს ნიდერლანდებში მისცემენ ხმას, ხვალ ირლანდიასა და მალტაში, შაბათს - ლატვიასა და სლოვაკეთში და ა.შ.
იმისათვის რომ ხმა მისცეს ამომრჩეველმა, ქვეყნების უმრავლესობაში 18 წლის უნდა იყოს, თუმცა, არიან ქვეყნები, სადაც 16 წლის ასაკიდანაც შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიასა და მალტაში. საბერძნეთში კი მინიმალური საარჩევნო ასაკი 17 წელია.
მიმდინარე არჩევნები ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მისი შედეგები გადაწყვეტს, რა მიმართულებით ივლის ევროპა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატური ცვლილებები, გაზრდილი ნაციონალიზმი და სხვა.
ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალარჩეული ევროპარლამენტი გააკეთებს, იქნება ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. ახალი პრეზიდენტის არჩევას ევროპარლამენტის წევრთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.
9 ივნისს, დღის ბოლოს, ცნობილი გახდება, რომელი პარტიები გაიმარჯვებს 720-წევრიან ევროპარლამენტში ადგილების დასაკავებლად, 2019 წლის არჩევნებში 15-ზე მეტმა პარტიამ გაიმარჯვა. რაც შეეხება თითოეული ქვეყნიდან წარმომადგენელთა რაოდენობას, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განსაზღვრული. ევროპულ გაერთიანებაში ყველაზე მეტი მოსახლეობა გერმანიას ჰყავს, შესაბამისად, ევროპარლამენტში მისთვის 96 ადგილია განსაზღვრული, საფრანგეთისთვის - 81, იტალიისთვის - 76, საბერძნეთს, შვედეთს, პორტუგალიას და ჩეხეთს - 21, ხოლო მაგალითად, მალტას, ლუქსემბურგს და კვიპროსს - 6 ადგილი მოუწევთ.
რაც შეეხება პარტიებს, ორი უმსხვილესი პარტიაა „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) და „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“. თუმცა, ბოლო პერიოდში სხვა პარტიებიც წამოიწია, მათ შორის ლიბერალური Renew Europe, მწვანეთა პარტია, “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები” და სხვა.