მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა ეკოსისტემის დაზიანებისთვის მკაცრი სასჯელის მიღებას მხარი დაუჭირა

ეკოლოგია

ევროკავშირი პირველი საერთაშორისო გაერთიანება აღმოჩნდა, რომელმაც მხარი დაუჭირა გარემოს დაზიანების ყველაზე მძიმე შემთხვევების კრიმინალიზაციას.

EU-ის განახლებული “გარემოს კრიმინალური დირექტივის” დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკოსისტემის დესტრუქცია, მათ შორის ჰაბიტატის დაკარგვა და ხე-ტყის უკანონო ჭრა ამიერიდან უფრო მკაცრად გასამართლდება, რაც ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადების ზრდას მოიაზრებს.

ინიციატივას მხარი ევროპარლამენტმა 27 თებერვალს, 499 ხმით 100-ის წინააღმდეგ, დაუჭირა. ბლოკის წევრ სახელმწიფოებს კი ეროვნულ კანონმდებლობაში ამ ცვლილებების ასახვისთვის 2 წელი აქვთ.

ექსპერტების აზრით, ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე ამბიციური კანონის მისაღებად ემზადება.

ფრანგი ადვოკატი და მწვანე ალიანსის წევრი მარიე ტოისანი აღნიშნავს, რომ დირექტივა ევროპის ისტორიაში ახალ თავს წერს. მისივე თქმით, ბლოკის მოქმედი კანონმდებლობა ადამიანებს გარემოს დაზიანებისა და დაბინძურებისგან ვერ აკავებს, რადგან დაწესებული სანქციები უმნიშვნელოა, გასასამართლებელი დანაშაულების სია კი - მცირე.

საერთაშორისო სამართალში ეკოციდის “მეხუთე საერთაშორისო დანაშაულად” ქცევის მომხრეები ადასტურებენ, რომ განახლებული დირექტივა ეფექტურად ახდენს ეკოციდის კრიმინალიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დოკუმენტში ეს ტერმინი ნახსენებია არაა, თუმცა საუბარია “ეკოციდის მსგავს შემთხვევებზე”.

ეკოციდი კი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ან სხვა ქმედებაა, რომელსაც ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია.

ახალი დირექტივით გარემოს დამაზიანებელი აქტივობები უკვე გაწერილია. ჩამონათვალში ხვდება წყლის დაბინძურება, უკანონო მოპოვება და გადამუშავება და სხვა.

კანონპროექტის თანახმად, დიდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებსა თუ საბჭოს წევრებს, გარემოს დამაზიანებელი ქმედებებისთვის 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმის გამო მიიღეს, რომ მაღალშემოსავლიანი კომპანიებისა თუ ადამიანებისთვის ფინანსური ჯარიმა საკმარისი დაბრკოლება არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები