ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის ინფორმაციით, ევროპის ბევრ ქვეყანაში კოვიდის შემთხვევები მატულობს და ეს, ძირითადად, ომიკრონის ქვეშტამის BA.2-ის გამო ხდება.
როგორც წერეთელი მეცნიერების ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, აღნიშნული ქვეშტამი უფრო გადამდებია, ვიდრე წინამორბედი და მისი R კოეფიციენტი, ყველაზე გადამდები ინფექციური დაავადების, წითელას R კოეფიციენტს უტოლდება.
„მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს Covid-ი თავისი ზემოქმედებით გრიპის მსგავსი ხდება. გრიპი განიხილება, როგორც "მხოლოდ" ლეტალური საფრთხე ხანდაზმულებისთვის. ის შეიძლება იყოს უსიამოვნო, მაგრამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ჯანმრთელ ადამიანში. სამწუხაროდ, გრიპისგან განსხვავებით Covid-19, ბევრი ჯანმრთელი ადამიანის სიკვდილის მიზეზია, იწვევს ხანგრძლივ კოვიდს მრავალი გართულებებით და მაგალითისათვის იანვარში, კოვიდი იყო სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზი ინგლისსა და უელსში.
ცხადია, ადამიანების უმეტესობა გამოფიტულია - ფიზიკურად და ემოციურად - ორი წელი კოვიდ პირობებში ცხოვრებისგან. ძალიან ცოტას თუ სურს ისევ ნახოს სამართლებრივი შეზღუდვებისა და ჩაკეტვის დაბრუნება მოულოდნელი ვირუსული გავრცელების დასაძლევად.
ამიტომ ასეთ სიტუაციაში, ეკონომიკური თუ პიროვნული თავისუფლებები საუკეთესოდ იქნება მხარდაჭერილი Covid-ის გავრცელების მონიტორინგით და ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიწოდებით, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სხვები. კორონავირუსი ისე აღარ არღვევს ცხოვრებას, როგორც ადრე, მაგრამ ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ვაქცინები ეფექტიანი დარჩა დომინანტური შტამის წინააღმდეგ. ვაქცინები და ვაქცინაცია", - წერს თავის Facebook გვერდზე წერეთელი.
BMG-სთან საუბრისას წერეთელი ასევე აღნიშნავს, რომ ომიკრონის BA.2-ის გამო გართულდა ვითარება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ბოლო ინფორმაციით, ჰონგ-კონგში 20 შემთხვევიდან ერთი სიკვდილით მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ინგლისში ვაქცინამდელ პიკში ფიქსირდებოდა.
პანდემიიდან 2 წლის თავზე ასეთი შედეგის დადგომისას ჩნდება კითხვა - რატომ ვერ იმუშავა ვაქცინაციამ? - რაზეც წერეთელი გვპასუხობს, რომ ჰონგ-კონგის 75+ ასაკის ადამიანების ორ მესამედზე მეტი არ იყო აცრილი, ნაწილი კი აცრილი იყო სინოვაკით, რომლის ეფექტიანობაც ომიკრონზე საკმაოდ დაბალია.
„ძალიან იმატებს შემთხვევების რაოდენობა ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დანიაში. ახლა მეცნიერები შეშფოთებულები არიან არა დელტაკრონით, არამედ ამ ქვეშტამით. საუბარიც დაიწყო იმაზე, რომ შეიძლება ეს ქვეშტამიც არ იყოს და ახალი შტამი იყოსო. ის უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ომიკრონის პირველი ქვეშტამი, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, სადაც დაახლოებით 25%-ით უფრო მეტია ინფიცირების საფრთხე, ვიდრე პირველი ქვეშტამის დროს. ბევრმა ქვეყანამ შემსუბუქების პარალელურად ტესტირებების რაოდენობაც შეამცირა, ახლა იმის გამო, რომ ისევ იმატებს ტესტირებების რიცხვი, შეიძლება რაოდენობა ისევ გაიზარდოს. ყველა ამბობს, რომ BE.A2 ქვეშტამია მთავარი ფაქტორი.
რასაც საქართველოში არ აქცევენ ყურადღებას ეს არის ვაქცინაცია; ვაქცინა მუშაობს და სადაც დღეს იზრდება შემთხვევები, იზრდება აუცრელებში. მაგალითად, ჰონგ-კონგში დამყარდა რეკორდი გარდაცვლილებში, ყოველი 20-დან 1 სრულდება ლეტალობით, ყველაზე დიდი სიკვდილობა რომ იყო იტალიაში თუ გაერთიანებულ სამეფოში ყველას გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ეს მოხდა 75 წელს ზემოთ მოსახლეობაში, რომლებიც არ იყვნენ აცრილები. ასეთი ჰონგ-კონგში 75 წელს გადაცვლილების 66% იყო და თითქმის ყველას დაემართა. ან იყვნენ სინოვაკით აცრილები, რომელიც ამ შტამზე სუსტად მუშაობს. ჰონგ-კონგის მაგალითი აჩვენებს, რომ თუ არ ხარ აცრილი, ომიკრონი არ არის მსუბუქი", - განაცხადა წერეთელმა BM.GE-სთან საუბრისას.