მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში ბუნებრივი აირი გაძვირდა

გაზი

უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ ევროპაში გაზი გაძვირდა. ევროპული გაზის ბენჩმარკი - Dutch TTF მეგავატ საათზე 49 ევრო ღირს. ბოლო ერთ წელში გაზზე ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზე პირველ იანვარს დაფიქსირდა, როცა მეგავატ საათზე ფასმა 50 ევროს გადააჭარბა.

2025 წლიდან რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით შეჩერდა. Reuters-ის გათვლებით, ტრანზიტის შეჩერების პირობებში უკრაინა წლიურად დაახლოებით 800 მლნ დოლარს დაკარგავს, რასაც ის რუსული გაზის ევროპაში გატარებით იღებდა, თუმცა ბევრად დიდი - 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება Gazprom-ს. გაზის ტრანზიტის შეჩერება უკრაინის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც რუსეთთან 2025 წლიდან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.

უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყნის სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ გაზის იმპორტის შეჩერება რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს და რეგიონში გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასს გაზრდის. ფიცოს შეფასებითვე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება.

სანამ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა Gazprom ევროპის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო და რუსეთის წილი გაზსადენით მიწოდებულ ბუნებრივ აირში 40%-ს აღწევდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდა. გაზზე ფასის ზრდის გამო იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საფასო ჭერი უნდა შემოიღოს, რომელიც მეგავატ საათზე 60 ევროს არ გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები