ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2025 წლის იანვრიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი გაჩერებულია. Gazprom-მა და უკრაინულმა Naftogaz-მა კონტრაქტს ხელი 2019 წლის 30 დეკემბერს მოაწერე და ის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო მოქმედი.
ევროკავშირის ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით უკრაინაზე გამავალი გაზსადენებით ევროპაში გაზს იღებდნენ: ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია და სლოვაკეთი. მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობით გაზს იღებდა ავსტრია და სლოვაკეთი.
"ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა 18%-ით არის შემცირებული (ომამდე ნიშნულთან შედარებით), ხოლო პირველი ნოემბრის მდგომარეობით გაზის მარაგები 95%-მდეა შევსებული. გასულ ორ წელში განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო უკრაინის გავლით ტრანზიტის დასრულება გაზის საბაზრო ფასებზე აისახება და მინიმალური გავლენა ექნება", - ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში. ამას გარდა, დოკუმენტში წერია, რომ უკრაინაზე გამავალი გაზი შესაძლოა ჩანაცვლდეს LNG-ით ან სხვა წყაროებიდან მიღებული გაზსადენის ბუნებრივი აირით.
ტრანზიტის გაჩერებას ევროპაში გაზის გაძვირება მოჰყვა. დღეის მდგომარეობით ევროპული გაზის ბენჩმარკი - Dutch TTF მეგავატ საათზე 46 ევრომდეა შემცირებული, თუმცა ფასი წლიურ ჭრილში ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უფლებას ვერ მისცემდნენ გაზის გაყიდვით დამატებით მილიარდები კიდევ ეშოვა. ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას მოსკოვის "დიდი მარცხი" უწოდა, რადგან რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ ევროპისთვის გათხევადებული გაზის [LNG] მიწოდებას გაზრდის. თავის მხრივ ევროპაში რუსული გაზის გაყიდვები შემცირდა, 2023 წელს რუსული ენერგოგიგანტი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად იყო ზარალზე და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იზარალა. Gazprom-ის ზარალის მთავარი მიზეზი ევროკავშირში შემცირებული გაყიდვებია, რასაც ჩინეთი ვერ აკომპენსირებს, ბევრი მიზეზის, უმთავრესად კი ევროპასთან შედარებით მცირე გამტარობის გაზსადენის გამო.
უკრაინაზე გამავალი მილსადენით გაზს ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებდნენ, რაც დაახლოებით ევროკავშირის ჯამური იმპორტის 5% იყო. ამ მარშრუტის ჩაკეტვის შემდეგ, ევროპა ამ ეტაპზე რუსულ გაზს "თურქსტრიმიდან" იღებს, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 31 მილიარდი კუბური მეტრია.
უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყნის, სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ გაზის იმპორტის შეჩერება რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს და რეგიონში გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასს გაზრდის. ფიცოს შეფასებითვე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება, ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვას მიაყენებს.
თავის მხრივ, ევროკომისია ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამისთვის მზად იყვნენ და წევრების უმრავლესობა მიწოდების შემცირებას გაუმკლავდება. რუსეთი უკრაინის გავლით ევროპას გაზს 1991 წლიდან აწვდიდა და კონტრაქტის შეწყვეტით მნიშვნელოვანი ბაზრები დაკარგა, თუმცა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირი უფრო იზარალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ისევ იღებენ რუსეთიდან დიდი ოდენობით გაზს, ეს კრემლს საშუალებას აძლევს წლიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს. 2023 წელს რუსული გაზის იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 10%-ზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ომამდე, 2021 წელს რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 40%-ს აღწევდა.