მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში PM2.5-ის მაღალ კონცენტრაციას გარდაცვალების ათასობით შემთხვევა უკავშირდება - კვლევა

ჰაერის ხარისხი

მიუხედავად ევროკავშირის მასშტაბით ჰაერის ხარისხის “საგრძნობი” გაუმჯობესებისა, ჰაერის დაბინძურება ბლოკის მასშტაბით ათასობით თავიდან აცილებად სიკვდილს იწვევს - ამის შესახებ ევროპის გარემოს სააგენტოს (European Environment Agency EEA) ახალ კვლევაშია საუბარი.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით ჰაერში მყარი ნაწილაკების სიჭარბით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლები 2005-დან 2023 წლამდე 57%-ით შემცირდა, თუმცა ჰაერის დაბინძურებას 2023 წელს მაინც ემსხვერპლა 182 000 ადამიანი.

მეტიც, ევროპელთა 95%-სთვის ჰაერის დაბინძურების დონე საგრძნობლად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ რეკომენდაციებს.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ევროპელებისთვის კვლავ მთავარ გარემოსდაცვით რისკად რჩება, სხვა ფაქტორებთან შედარებით, როგორიცაა ხმაურისა და ქიმიკატების ზემოქმედება ან კლიმატთან დაკავშირებული სიცხის ტალღების რისკი.

PM2.5-ის სახელით ცნობილი დაბინძურება ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრომეტრი ან ნაკლებია. შესუნთქვის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ან გაამწვავონ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ასთმა, გულის იშემიური დაავადება და ფილტვის კიბო. ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ PM2.5-ის მაღალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დემენციაც.

PM2.5 ძირითადად ისეთი წყაროებიდან ვრცელდება, როგორებიცაა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი, საწვავის წვა და წარმოება. ის ასევე შეიძლება მოდიოდეს ისეთი ბუნებრივი პროცესებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ტყის ხანძარი.

ჰაერის ხარისხის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების თანახმად, 2023 წელს ყველაზე დიდი დანაკარგი იტალიამ განიცადა, სადაც PM2.5-ის მაღალ კონცენტრაციას გარდაცვალების 43 083 შემთხვევა უკავშირდება. მეორე ადგილზეა პოლონეთი, 25 268 შემთხვევით, მესამეზე კი გერმანია - გარდაცვალების 21 640 ფაქტით.

თუმცა, ყველაზე მაღალი ფარდობითი ზემოქმედება (იგივე, YLL სიცოცხლის დაკარგული წლები 100,000 30+ ასაკის მოსახლეზე) დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი.

ჰაერის დაბინძურების ყველაზე დაბალი ფარდობითი ზემოქმედება დაფიქსირდა ევროპის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ქვეყნებში, მათ შორის შვედეთში, ესტონეთსა და ნორვეგიაში.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიში ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების შემცირების აუცილებლობას, როგორც ეს ასახულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დირექტივაში. აღნიშნული დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 10 დეკემბერს შევიდა. დირექტივა PM2.5-ის დასაშვებ წლიურ ზღვრულ მაჩვენებელს 50%-ზე მეტით ამცირებს, რაც ევროკავშირის ჰაერის ხარისხის სტანდარტებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან უფრო მეტად აახლოებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები