მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდა - Euronews

6491b45ab8974
მარიამ იზორია
20.06.23 23:55
5491
Euronews-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ევროპაში იმაზე ნაკლები ტურისტი შეგხვდებათ ვიდრე ოდესმე. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონცემებით, 2022 წელს ევროპას 84%-ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ჰყავდა, ახლა კი, როცა ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია ეს მონაცემები დიდად არ იცვლება და რუსი დამსვენებელი ევროპაში კვლავ არ ჩანს. მდიდარი რუსები სხვადსხვა რეგიონის მონახულებას ისევ აგრძელებენ, თუმცა საშუალო კლასის ტურისტები თითქმის სრულად გაქრნენ. გამოცემის ცნობით, ევროპაში რუსი ტურისტების გაქრობის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მხრიდან რუსებისთვის ბარიერების აგებას უკავშირდება.

საინტერესოა რა გავლენას იქონიებს რუსი ტურისტების დაკარგვა ევროპაზე?

Euronews-მა რამდენიმე ქვეყანა შეარჩია, რომლებიც ყოველწლიურად რუსი ტურისტების საკმაოდ მზარდ რაოდენობას მასპინძლობდნენ. ასეთ ქვეყნებს შორის არის ლატვია. ის დიდი ხანია რუსი მოგზაურების „მაგნიტს“ წარმოადგენს, რაც ქვეყნის მდებარეობით და საერთო საბჭოთა ისტორიით აიხსნება. ლატვიის ტურისტული ინდუსტრია ჯერ კოვიდ პანდემიამ დააზარალა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომიც დაემატა. ქვეყანამ ომის დაწყებიდან მალევე, უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა.

2022 წლის სექტემბერში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები არ არიან მისასალმებლები. Euronews Travel-თან ლატვიის ტურისტული სექტორი აცხადებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს განცხადება ბიზნესს არ ეხმარება, თუმცა პოლიტიკურ დონეზე ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ იმ ფონზე როდესაც რუსეთს უკრაინაში სასტიკი ომი აქვს, ლატვია ვერ იქნება თავაზიანი რუს ტურისტებთან.

შემდეგი ქვეყანა, რომელიც რუსი დამსვენებლის სიჭარბით გამოირჩეოდა - ფინეთია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ომის დაწყებამდე, ყოველწლიურად აღმოსავლეთ ფინეთში 1 მილიონ 200 ათასი რუსის ერთდღიანი მოგზაურობა ფიქსირდებოდა. ფინეთის ერთ-ერთმა ქალაქმა ლაპეენრანტამ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 100 000 რუსი ვიზიტორი დაკარგა.

ომის შემდეგ არც ესპანეთი მიესალმება ქვეყანაში მაღალმხარჯველ უნარიან რუსებს.

რუსი ტურისტები არასოდეს ყოფილან ესპანეთში ტურიზმის მთავარი წყარო, თუმცა ბოლო წლებში ისინი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ჯგუფს წარმოადგენდნენ. ესპანეთის ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ესპანეთს 1 მილიონ 300 ათასი რუსი მოგზაური ეწვია, რაც ქვეყნის ტურისტული ვიზიტების 1,3 პროცენტს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ესპანეთში რუსი დამსვენებლის არყოფნა მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ზოგიერთი რეგიონი უფრო მეტად იყო დამოკიდებული მათზე. მაგალითად კოსტა დორადაში, ისინი ვიზიტორთა 10-დან 15%-ს წარმოადგენენ. კოსტა დორადას სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წელს ამ მხარეში რუსების 1 მილიონ 290 ათასი ღამისთევა დაფიქსირდა, ახლა კი ისინი თითქმის არ შეიმჩნევიან.

ჩეხეთი ინფლაციას და ტურისტების შემცირებულ რაოდენობას ერთდროულად ებრძვის. ესპანეთის მსგავსად, ჩეხეთის საკურორტო ქალაქებში მდიდარი რუსი ვიზიტორების ნაკლებობაა. ქალაქებმა კარლოვი ვარიმ, მარიანსკე ლაზნემ და ფრანტისკოვი ლაზნემ იმედის ნაპერწკალი დაინახეს, როცა იუნესკომ ისინი 2021 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა რუსეთმა სასტიკი ომი წამოიწყო უკრაინაში, ჩეხეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროპულ სანქციებს შეუერთდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში მდიდარი, მხარჯველი რუსების რაოდენობა 61 000-ს აჭარბებდა, ეს რიცხვი კი გასულ სეზონზე რამდენიმე ათასამდე შემცირდა.

რა ხდება საქართველოში? - საქსტატის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, საანგარიშო პერიოდში მათმა რიცხვმა 873.3 ათასს მიაღწია,საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან იყო, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები