უკვე რამდენიმე წელია, ევროპის პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ჭარბი ტურიზმი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით მიზნით, ამ ქალაქებში ჭარბი ტურისტული ნაკადების მართვას და გარკვეულწილად მათ შემცირებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ.
მაგალითად, ნიდერლანდების დედაქალაქში ვიზიტორების ჭარბ რაოდენობასთან გასამკლავებლად, წელს ტურისტული გადასახადი კიდევ უფრო გაზარდეს. ამსტერდამში ღამის გათენების საფასური, რომელიც სასტუმროს ნომრის ღირებულებაში შედის 7-ის ნაცვლად ახლა უკვე 12,5%-მდე მოიმატებს. ხოლო საკრუიზო გემზე მგზავრების ტარიფი 8-დან 14 ევრომდე გაიზარდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან სპეციალური გამონაკლისების გარდა ქალაქის ცენტრში 7.5 ტონაზე მძიმე წონის ავტობუსების გადაადგილებაც აიკრძალა.
ჭარბი ტურიზმის პრობლემის წინაშე დგას ლისაბონიც და მასთან საბრძოლველად, მიმდინარე წლის დასაწყისში ქალაქის ხელისუფლებამ საკრუიზო გემების მგზავრებისთვის 2 ევროს ოდენობის გადასახადი აამოქმედა. ანალოგიური თანხა სასტუმროს თითოეულ დამსვენებელზე ვრცელდება. ლისაბონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თუ საკრუიზო ოპერატორები ამ ახალ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ქალაქში მათი შესვლა საკმაოდ გართულდება. შემდგომი ზომა კი, უკვე ავტობუსების მობილობის შეზღუდვა იქნება. გარდა ამისა, ლისაბონის მთავრობის განმარტებით,წელს ისინი პირველად გამოიყენებენ ტიკ-ტოკს, რათა ლისაბონის მიღმა არსებული ქვეყნის მრავალფეროვანი რეგიონები რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
წლიურად 90 მილიონამდე ვიზიტორით პარიზი დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი ტურისტული მიმართულებაა და გასაკვირი არ არის, რომ ქალაქისთვის, დიდი ოდენობის მოგზაური, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელთან გასამკლავებლად ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი წელს 200%-ით გაზარდა. ამასთან, ლისაბონის მსგავსად, პარიზის მთავრობამაც მოგზაურებისთვის ქვეყნის სხვა რეგიონების უკეთ გასაცნობად სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება დაიწყო.
გასულ წელს UNESCO-მ რეკომენდაცია გასცა, ვენეციის საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში დამატების შესახებ. ქალაქს კლიმატის ცვლილებებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენით, შეუქცევადი ცვლილებები ემუქრება. ამ პრობლემიდან გამომდინარე, წელს იტალიური ქალაქი ევროპაში პირველი გახდება, რომელიც ისტორიულ ცენტრში შესვლის საფასურს შემოიღებს. გაზაფხულიდან, ზედიზედ 30 დღე 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ტურისტი 5 ევროს გადაიხდის.
გარდა ამისა, მასობრივი ტურიზმის თავიდან ასარიდებლად და ქალაქის განტვირთვის მიზნით, ვენეციაში წელს კიდევ ერთი შეზღუდვა ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, ივლისიდან ტურისტულ ჯგუფებში 25-ზე მეტი ადამიანის დაშვება იკრძალება. ასევე იკრძალება აუდიოსისტემების გამოყენება და ტურისტებს ვიწრო ქუჩებსა და ხიდებზე გაჩერებაც შეეზღუდებათ.
ჭარბი ტურიზმისაგან მიყენებული საფრთხის წინაშე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი დგას. საუბარია ათენის აკროპოლისზე, რომელსაც ვიზიტორები ანაგვიანებენ. სწორედ ამიტომ, გასულ წლის მიწურულს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ღირსშესანიშნაობის ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, მხოლოდ 20 000 ვიზიტორი დაუშვას.