უამრავი ქვეყნისთვის ვიზიტორების სიმრავლე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამ პრობლემასთან გამკლავებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. ამის მაკონტროლებელ ერთ-ერთ საშუალებას ტურისტული გადასახადის დაწესებაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტები დამატებით ტურისტული გადასახადით იბეგრებიან. ხშირად მსგავსი ტიპის მოსაკრებელი სასტუმროს ან ავიაბილეთის ღირებულებას ემატება. ტურისტული გადასახადის შემოღებას წელს არაერთი ევროპული ქვეყანა გეგმავს, ზოგიერთი მათგანი კი მის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს.
ასეთ ქვეყნებს შორისაა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად დატვირთული ქალაქი ბარსელონა. 2022 წელს ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბარსელონას ტურისტული გადასახადი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციას დააფიქსირებდა. 2023 წლის 1 აპრილს ქალაქის ხელისუფლებამ მუნიციპალური გადასახადი 2,75 ევრომდე გაზარდა, მიმდინარე წლის 1 აპრილს კი, ეს თანხა 3.25 ევრო გახდება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ტურისტული გადასახადისგან მიღებული თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისკენ იქნება მიმართული და როგორც გზების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება.
წელს ტურისტულ გადასახადს ვალენსიაშიც შემოიღებენ. მართალია ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია ტარიფი, რომელიც 50 ცენტიდან €2-მდე იქნება და ის ვალენსიის ყველა რეგიონსა და ასევე საცხოვრებლის ტიპზე გავრცელდება. საკრუიზო გემების მგზავრებისთვის კი ეს თანხა დღეში 1.50 ევროთი განისაზღვრება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ეს თანხა სრულად რეგიონის ტურიზმის მდგრად განვითარებას მოხმარდება.
დღესდღეობით ევროპაში ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადი, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მოქმედებს, თუმცა, ამის მიუხედავად წელს ეს ტარიფი კიდევ უფრო გაიზრდება. ნიდერლანდების დედაქალაქში ღამისთევის საფასური, რომელიც სასტუმროს ნომრის ღირებულებაში შედის 7-ის ნაცვლად ახლა უკვე 12,5%-მდე მოიმატებს, ხოლო საკრუიზო გემზე მგზავრების ტარიფი €8-დან €11-მდე გაიზრდება. როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, ტურისტებისგან მიღებულ შემოსავალს ჭარბი ტურიზმის შედეგებთან საბრძოლველად და სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენებენ.
ტურისტული გადასახადის ზრდას გეგმავს საფრანგეთიც. საუბარია პარიზზე, სადაც ტარიფი ერთ ღამეში საშუალოდ 20 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობდა, მიმდინარე თვიდან ტურისტული გადასახადი 200%-ით გაიზრდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად საფრანგეთის ხელისუფლება პანდემიის შედეგებთან ბრძოლას ასახელებს. გარდა ამისა, პროტოკოლის თანახმად 2031 წლამდე ქალაქის სატრანსპორტო სისტემა უნდა გაუმჯობესდეს და ამისთვის ფინანსები ნაწილობრივ ვიზიტორთა ჯიბეებიდანაც უნდა აიღონ.
2024 წლიდან ტურისტული გადასახადი გაორმაგდება ლიეტუვას დედაქალაქში. ვილნიუსის ხელისუფლებამ გადასახადის 1 ევროდან 2 ევრომდე გაზრდა გადაწყვიტა. ტურისტული გადასახადი დაჯავშნილ სასტუმროებში, აპარტამენტებში, ჰოსტელებსა და საცხოვრებლებში სპეციალური აგრეგატორების მეშვეობით გროვდება. შეგროვებული თანხით ლიეტუვას დედაქალაქში ტურისტული პროექტების განვითარება იგეგმება.
მიმდინარე წლის გარდა, ტურისტულ გადასახადთან დაკავშირებით ევროპაში ცვლილებები მომდევნო წელსაც უკვე დაანონსებულია. მაგალითად, 2025 წლიდან დანია ფრენებზე სამგზავრო გადასახადის შემოღებას გეგმავს. მგზავრებს დაახლოებით 8,4 ევროთი დაბეგრავენ ევროპის შიგნით ფრენისას, 32- ევრო– საშუალო მანძილის ფრენებისთვის იქნება განსაზღვრული, შორ მანძილზე ფრენის შემთხვევაში კი ფასი 51 ევრო იქნება. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, სამგზავრო გადასახადისგან მიღებული შემოსავალი მთლიანად შიდა ფრენების მდგრად საწვავზე გადასვლას უნდა მოხმარდეს, რაც 2030 წლისთვის იგეგმება.
ასევე 2025 წლიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების რეზიდენტები, რომლებიც შედიან ევროპაში სპეციალური სავიზო მოწვევის გარეშე, ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის საფასური ერთ ადამიანზე 7 ევროთი განისაზღვრება. როგორც განმარტებულია, ამ გადაწყვეტილების მთავარი მზიანი საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მოქალაქეების დაცვაა.