მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც მოგზაურებმა ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

6463d5867dc51
ლიკა მეგუთნიშვილი
17.05.23 00:05
3011
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო უახლეს კვლევას აქვეყნებს და იმ ქალაქებს გვაცნობს, სადაც 2022 წელს მოგზაურებმა ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს.

ყველა ის ადამიანი, ვინც უპირატესობას განსაკუთრებულ კომფორტსა და მაღალხარისხიან სერვისებს ანიჭებს, ამ ყველაფრის მისაღებად რასაკვირველია თანხას არ ზოგავს და ისეთ ადგილებს ირჩევს სამოგზაუროდ, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებისა თუ ძვირადღირებული საცალო ობიექტების ფართო არჩევანია. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ის ქალაქები კი, სადაც ტურისტები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ, რასაკვირველია მოგზაურებს სწორედ ამ ყველაფერს სთავაზობენ.

ქალაქი, რომელიც ტურისტების მიერ გაღებული ხარჯებით, პირველ ადგილას ხვდება დუბაია. ქალაქი ვიზიტორებს ექსტრავაგანტურ გამოცდილებას სთავაზობს, მაგალითად, როგორიცაა მრავალფეროვანი, მაღალი კლასის კრუიზები, ძვირადღირებულ სასტუმროებში დასვენება და ა.შ. გარდა ამისა, გადასახადებისგან თავისუფალი ქვეყანა, მდიდრული შოპინგის მოყვარულებს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. დუბაის პოპულარობას მისი ადგილმდებარეობაც განაპირობებს, ის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ერთგვარ გზაჯვარედინზე მდებარეობს, მისი აეროპორტი კი მგზავრთნაკადის რაოდენობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. დუბაი ძვირადღირებული დასვენების მოყვარულ მოგზაურებს ყოველწლიურად სულ უფრო იზიდავს, მხოლოდ 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა იქ 30 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

მეორე ადგილს კატარის დედაქალაქი დოჰა იკავებს, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ქალაქის ტიტულს ატარებს. დოჰა ნებისმიერ სტუმარს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება და სწორედ ამიტომ, ტურისტების რაოდენობაც ამ ქალაქში ყოველწლიურად იზრდება. კატარის დედაქალაქი საუკეთესო არჩევანია იმ მაღალშემოსავლიანი მოგზაურებისთვის, ვისაც მოდერნიზებული ქალაქები, ცათამბჯენები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავს. შუა აღმოსავლეთის მარგალიტი დამსვენებლებს არაერთ გასართობ აქტივობას, გემრიელ სამზარეულოს და საკმაოდ საინტერესო ღირსშესანიშნაობებს სთავაზობს. 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა კატარში 17 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს.

მესამე პოზიციაზე ხვდება ლონდონი, რომელიც უკვე მრავალი წელია, ულტრამდიდარი ადამიანებისთვის სასურველი ტურისტული მიმართულების ტიტულს ატარებს. ლონდონში ბევრად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში და გარდა ამისა, ის თავს ცნობილი მუზეუმებით, გალერეებითა თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობით მუდმივად იწონებს. შოპინგის მოყვარულ ულტრამდიდარ მოგზაურებს კი, ლონდონი წვდომას მაღალი კლასის დიზაინერების მაღაზიების ფართო სპექტრზე სთავაზობს. გასულ წელს ლონდონში მოგზაურების მიერ დახარჯულმა თანხამ 16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მეოთხე ქალაქი, სადაც მოგზაურები ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ , ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი მაკაოა. მაკაო აზარტული თამაშების ცენტრია და ის აზიის ლას-ვეგასად არის აღიარებული. წლების განმავლობაში ქალაქი საერთაშორისო ვიზიტორების ერთგვარ მაგნიტად იქცა, სულ უფრო აქტიურად კი იმ მაღალშემოსავლიან დამსვენებლებს იზიდავს, ვინც აზარტული თამაშების დიდი მოყვარულია. 2022 წელს მაკაოში ტურისტებმა 15.6 მილიარდი დოლარი შეიტანეს და ნავარაუდევია, რომ მომდევნო წლებში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაშიც დიდი წვლილი ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მოქალაქეებს ექნებათ.

ხუთეულში ხვდება ასევე ამსტერდამი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. რასაკვირველია, ამსტერდამი რომელიც იქ ჩასულ დამსვენებლებს მუდმივად საინტერესო თავგადასავლებს სთავაზობს. მაღალი კლასის სერვისებითა და მრავალფეროვანი სათავგადასავლო ტურებით გამორჩეული ქალაქი ცნობილია ასევე იმით, რომ ის მოგზაურებს ევროპაში საუკეთესო შოპინგის შესაძლებლობას აძლევს. ქალაქში 10 000-ზე მეტი მაღაზიაა, რომელიც მაღალი კლასის, არაერთ ძვირადღირებულ ბრენდსაც აერთიანებს. გასულ წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა ამსტერდამში 13.6 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

რაც შეეხება ათეულში შემავალ დარჩენილ ქალაქებს, ტურისტების მიერ დახარჯული თანხები ასე ნაწილდება:

სტამბოლი - 13,13 მილიარდი დოლარი;
ბარსელონა - 12,8 მილიარდი დოლარი;
ნიუ-იორკი - 12,5 მილიარდი დოლარი;
სინგაპური - 10.97 მილიარდი დოლარი;
პარიზი - 9,76 მილიარდი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები