ივნისში ევროპაში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხემ, წინასწარი შეფასებით, ევროპის მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს 2 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა და 9 მილიონი ტონა მოსავალი გაანადგურა - ამან სურსათზე ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.
ხორბლის, ქერის, სიმინდისა და შვრიის მოსავლის კლების შესახებ პროგნოზი ევროპის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების სავაჭრო ასოციაციამ (Coceral) გაავრცელა.
მოსავლის 9 მილიონი ტონით შემცირება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა და გაერთიანებული სამეფო 2018 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მოსავალს მიიღებენ. ეს დანაკარგი აღემატება ავსტრიის, ირლანდიისა და ნიდერლანდების ერთობლივად პროგნოზირებულ მარცვლეულის მთლიან გამოშვებას.
Coceral-მა მოსავლის დანაკარგები დასავლეთ ევროპაში ისტორიულად ყველაზე ცხელ ივნისს დაუკავშირა. სიცხემ სიმინდი დამტვერვის გადამწყვეტ პერიოდში დააზიანა, ხოლო ხორბალი - ე.წ. "მარცვლის შევსების" ფაზაში, როდესაც კულტურებს ტენიანობა სჭირდებათ, რაც მოსავლიანობის ფორმირების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
არსებულ ფასებზე დაყრდნობით, ანალიტიკურმა ცენტრმა Energy and Climate Intelligence Unit (ECIU) დაკარგული მარცვლეულის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ ევროდ შეაფასა. თუმცა, ეს მაჩვენებელი არ მოიცავს სიცხის ტალღით გამოწვეულ სხვა ფართო ზარალს, როგორიცაა ბოსტნეული კულტურებისა და მეცხოველეობის დანაკარგები.
"ეს სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს ფერმერებს, შეამცირებს მათ შემოსავალს და ამავდროულად, საფრთხეს შეუქმნის ევროპის სასურსათო უსაფრთხოებას. გაერთიანებულ სამეფოში ამ ათწლეულში უკვე დაფიქსირდა ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი მოსავლიდან სამი შემთხვევა, ბოლოდროინდელი სიცხეები კი ბრიტანელ ფერმერებს კვლავ მძიმე ზარალად დაუჯდებათ", - განაცხადა ECIU-ის მიწის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსმა ტომ ლანკასტერმა.
მარცვლეულის წარმოების შემცირებას საფრანგეთშიც ელიან, სადაც, სავარაუდოდ, 3.4 მილიონი ტონა სიმინდი განადგურდა, ხოლო ზარალის საერთო ღირებულება 891 მილიონ ევროს მიაღწევს. მარცვლეულის მომდევნო ყველაზე დიდი დანაკარგი მოსალოდნელია უნგრეთსა (2.4 მილიონი ტონა) და ესპანეთში (1.4 მილიონი ტონა).
ივნისის სიცხის ტალღისა და მშრალი გაზაფხულის შემდეგ, ბრიტანელი ფერმერები ქვეყნის დიდ ნაწილში გვალვიან პირობებზე მიუთითებენ. ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის ნაწილებში იგრძნობა.
სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის განვითარების საბჭოს (AHDB) განცხადებით, ბრიტანეთში მოსავლის საბოლოო მაჩვენებელი გაურკვეველია, რადგან ცხელი და მშრალი ამინდის გამო ბევრ ფერმერს მოსავლის აღების ვადების გადმოწევა მოუწია.
მოსალოდნელია, რომ მოსავლის დანაკარგი ევროპას მარცვლეულის იმპორტზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის, რაც გლობალურ საბირჟო ფასებს გაზრდის. თუმცა, ამაზე გავლენას მოახდენს სამხრეთ ნახევარსფეროს მოსავლის აღებაც 2026 წლის ბოლოსა და 2027 წლის დასაწყისში.
ევროპული მარცვლეულის წარმოების შემცირება ემთხვევა მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვასაც, ვინაიდან აშშ-ის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებშიც ძლიერი გვალვაა, რაც გავლენას ახდენს როგორც მარცვლეულის, ისე ხორცის წარმოებაზე.




























