დეკემბრის თვეში, ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტის, Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების ევროპის მასშტაბით მკვეთრად შემცირდა. განსაკუთრებული ვარდნა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. კერძოდ, დეკემბრის თვეში კომპანიამ გერმანიაში მხოლოდ 2,032 ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-იანი ვარდნაა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გაყიდვები ბოლო 12 თვეშიც, საშუალოდ, 48%-ით არის შემცირებული. Tesla-მ გერმანიაში 2025 წელს მხოლოდ 19,390 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო. სამაგიეროდ, 12-ჯერ გაეზარდა გაყიდვები ჩინურ გიგანტ BYD-ს, რომელმაც დეკემბერში 4,109 ერთეული გაყიდა, წლის განმავლობაში კი 23,306 ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა და ამერიკული კომპანია დაამარცხა.
დაახლოებით იდენტურია სურათი დიდ ბრიტანეთში, სადაც დეკემბრის თვეში Tesla-ს გაყიდვები 29%-ით შემცირდა და მხოლოდ 6,323 შეადგინა. ეს იმ ფონზე, როცა BYD-მ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტი, 5,194 ელექტრომობილი გაყიდა.
მართალია, Tesla-მ ქვეყანაში პირველი ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ტემპით მას ჩინური კონკურენტი მალე ჩაანაცვლებს. ძირითადი მიზეზები, რატომაც Tesla-ს ასეთი რთული ვითარება აქვს, არამარტო ჩინეთიდან გაზრდილი კონკურენცია და ელექტრომობილების ხაზში ცვლილებების სიმწირე, არამედ თავად მასკის პოლიტიკური შეხედულებებია, რამაც მისი კომპანიის მიმართ ინტერესი ევროპულ ბაზარზე მკვეთრად შეამცირა.




























